Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჰიპერაქტიურობაში იგულისხმება, რომ ბავშვი ძალიან ბევრს საუბრობს, არ შეუძლია ერთ ადგილზე წყნარად ჯდომა, ბევრს დარბის, მოძრაობს,“ - ნინო მარგველაშვილი

„ჰიპერაქტიურობაში იგულისხმება, რომ ბავშვი ძალიან ბევრს საუბრობს, არ შეუძლია ერთ ადგილზე წყნარად ჯდომა, ბევრს დარბის, მოძრაობს,“ - ნინო მარგველაშვილი

ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა ბავშვებში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამოვლენის შესახებ ისაუბრა. მან მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„როდესაც მშობელი ხედავს, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს ბავშვთან, ​ბავშვი ძალიან აქტიურია, მუდმივად სტარტზეა, ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ეჭრება საუბარში, არ არის ორგანიზებული, არ შეუძლია ერთ აქტივობაზე კონცენტრაცია, ჩემი რჩევა იქნება, რომ მშობელი მხოლოდ პედიატრს ნუ ენდობა. ამ შემთხვევაში მშობელმა პედიატრთან ერთად აუცილებლად უნდა მიიყვანოს ბავშვი ფსიქოლოგთან, რათა მოხდეს მისი უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების შეფასება.“

ნინო მარგველაშვილმა ქცევის იმ გამოხატულებებზეც ისაუბრა, რაც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის შემთხვევაში ზედაპირულად ვლინდება:

„ქცევის მთავარი გამოხატულება, რაც ჩანს ზედაპირზე, არის ის, რომ ​ბავშვი არის უყურადღებო, არ არის ორგანიზებული, ხშირად ავიწყდება მასწავლებლის ინსტრუქცია, კარგავს ნივთებს, არ შეუძლია, რომ ერთ აქტივობას ბოლომდე მიჰყვეს. ჰიპერაქტიურობაში იგულისხმება, რომ ბავშვი ძალიან ბევრს საუბრობს, არ შეუძლია ერთ ადგილზე წყნარად ჯდომა, მუდამ სურს, რომ თითებით რაღაც ითამაშოს, ფეხი რაღაცას მიადოს. ის ბევრს დარბის, მოძრაობს. იმპულსურობაში იგულისხმება, რომ ადამიანს არ აქვს თვითკონტროლის შესაძლებლობა. მას არ შეუძლია რიგის დაცვა. კლასში სანამ მასწავლებელი კითხვას დაასრულებს, მანამდე აქვთ პასუხი. ეს ყველაფერი არის ის, რაც ზედაპირზეა.“

„ქცევის პრობლემა ზედაპირია. ამის ქვეშ ძალიან ბევრ გამოწვევასთან აქვთ საქმე მშობლებსა და ბავშვს. ​ძალიან ხშირია ამ ბავშვებში სპეციფიკური დასწავლის დარღვევა. უმეტესად ეს არის მართლწერის პრობლემა, ბავშვებს უჭირთ საკუთარი აზრის ფურცელზე გადატანა, უძნელდებათ მათემატიკური კალკულაციები. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ფსიქოლოგი გამოიკვლევს, არის: აქვს თუ არა ბავშვს პრობლემა აღმასრულებელ ფუნქციებში. ეს არის ის, რაც ყველაზე ბოლოს მწიფდება ჩვენს თავის ტვინში. ეს არის მიზნის დასახვა და მისი მიყოლა, რომ როდესაც ახალი სტიმული შემოდის, გადავლახოთ, იმიტომ, რომ მიზნისკენ მივდივართ. სამწუხაროდ, ასეთ ბავშვებს უჭირთ მიზნის ბოლომდე მიყოლა. მათ ასევე აქვთ დროის შეგრძნების პრობლემა. უჭირთ, რომ სწორად შეაფასონ დრო. ხშირად დეტალებს არ აქცევენ ყურადღებას. მათ ძალიან უჭირთ დავალების დაწყება. ყველაფერს აკეთებენ, რომ გადაავადონ დავალების დაწყება. ბავშვი ექვს ან შვიდ სიმპტომს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს, სხვადასხვა გარემოში უნდა ვლინდებოდეს ქცევა და ეს აუცილებლად უნდა უშლიდეს ხელს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში, რომ დაისვას ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოზი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო მარგველაშვილი საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კომუნიკატორი“ ისაუბრა.

წყარო: ​„კომუნიკატორი“

წაიკითხეთ სრულად