Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ადრეულ ასაკში ბავშვი მუდმივად იკიდებს ხელს სასქესო ორგანოზე ... - რა შეიძლება იყოს მიზეზი და როგორ უნდა მოვიქცეთ?

თუ ადრეულ ასაკში ბავშვი მუდმივად იკიდებს ხელს სასქესო ორგანოზე ... - რა შეიძლება იყოს მიზეზი და როგორ უნდა მოვიქცეთ?

ხშირად, ადრეულ ასაკში ბავშვი მუდმივად იკიდებს ხელს სასქესო ორგანოზე (საზოგადოებაშიც). რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ უნდა მოვიქცეთ? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე ესაუბრა.

- რამდენად მნიშვნელოვანია რომ მშობელმა ადრეულ ასაკშივე იზრუნოს ბავშვის სქესობრივ განათლებაზე?

სექსუალური განვითარება იწყება დაბადებისთანავე. ის მოიცავს როგორც ფიზიკურ ცვლილებებს, ასევე აერთიანებს ცოდნას, დამოკიდებულებებსა და ქცევას. ლოგიკურია ადრეულ ასაკში სექსუალობა ბავშვებისთვის არ განიხილება ისე, როგორც მოზარდებისთვის ან ზრდასრულებისთვის. თუმცა, ბავშვები ზუსტად ზრდასრულებისგან სწავლობენ მათ შორის დამოკიდებულებებსაც. მაგალითად, ფიზიკური, პირადი სივრცისა და საზღვრების დაცვა. თუ მშობელი ესაუბრება ბავშვს და უხსნის, რომ მას აქვს სხეულის ნაწილები, რომლებიც მხოლოდ მას ეკუთვნის, ბავშვი სწავლობს, როგორც საკუთარი, ფიზიკური, პირადი საზღვრების გაგებას და დაცვას, ასევე სხვა ადამიანების საზღვრების პატივისცემას.

- ხშირად, ადრეულ ასაკში ბავშვი მუდმივად იკიდებს ხელს სასქესო ორგანოზე (საზოგადოებაშიც). რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- 0-3 წლამდე ასაკობრივი პერიოდისთვის დამახასიათებელია ცნობისმოყვარეობა საკუთარი სხეულის შესწავლისა და სასქესო ორგანოების მიმართ. ასევე, ამ ასაკში შეიძლება აკვირდებოდნენ ოჯახის წევრების ან თანატოლების სხეულის ნაწილებსაც. ბავშვმა ადრეული ასაკიდან უნდა იცოდეს, რომ მისი სხეული მხოლოდ მას ეკუთვნის, ასევე უნდა აეხსნას რომ მისი სხეულის ის ნაწილები, რომლებსაც საცურაო კოსტუმით ფარავს არის ის ნაწილები, რომლებსაც არავინ უნდა შეეხოს და არც თვითონ უნდა შეეხოს სხვა ადამიანის სხეულის ამ ნაწილებს. აქვე უნდა გავმიჯნოთ რომ ასაკობრივი ცნობისმოყვარეობისა და თვით აღმოჩენის პროცესში დაუშვებელია ისეთი მეთოდები, როგორიც არის წიწაკის წასმა სასქესო ორგანოზე, ყვირილი, დასჯა, შემდეგი ფრაზები: ,,ღმერთი გიყურებს და დაგსჯის ასე რომ იქცევი”.

- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ გადააჩვიონ ამ ჩვევას?

იმისთვის, რომ განვითარების პროცესი სწორად წარიმართოს, მნიშვნელოვანია ზრდასრულები ვიყოთ ინფორმირებულები და სწორად, ასაკის შესაბამისად მივაწოდოთ ინფორმაცია, ინსტრუქცია ბავშვს. მაგალითად, როდესაც სხვა ადამიანების თანდასწრებით ავლენს ინტერესს საკუთარი გენიტალიის მიმართ, მშობელმა უნდა აუხსნას რომ ეს არ არის უსაფრთხო, შესაბამისი ადგილი ამ ქცევისთვის და რა თქმა უნდა, აუხსნას მიზეზები.

აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ასაკობრივი ცნობისმოყვარეობა და პრობლემური სექსუალური ქცევა. პრობლემურ სექსუალურ ქცევაში იგულისხმება: როდესაც ბავშვი აგრძელებს შეხებას საკუთარ სასქესო ორგანოზე, მაშინაც კი, როდესაც რაღაც აქტივობაში რთავენ ან სხვა რამის გაკეთებას სთავაზობენ, მაგალითად, თამაშს. ბავშვი ხშირად ეხება სხვა ადამიანის გენიტალიას, მაშინაც კი თუ სხვა რამის გაკეთებას სთავაზობენ. საყურადღებოა, როდესაც ბავშვი მასზე ასაკით უფროს ბავშვს, მოზარდს ან ზრდასრულს ეხება გენიტალიაზე, ან პირიქით. ეს არ არის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ ცნობისმოყვარეობასთან დაკავშირებული ქცევა და საჭიროა მაშინვე გვქონდეს შესაბამისი რეაგირება.

ცოდნა საკუთარი სხეულისა და საზღვრების შესახებ ბავშვს იცავს შესაძლო სექსუალური ძალადობისგან. ამ ცოდნას და ინსტრუქციებს კი ბავშვი ზრდასრულებისგან იღებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია სანამ ბავშვი დასვამს კითხვებს, მოვიძიოთ რესურსები ან გავიაროთ კონსულტაცია თუნდაც სპეციალისტთან, რათა შევძლოთ ასაკთან შესაბამისი ინფორმაცია შესაბამისი ფორმით მივაწოდოთ.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

წაიკითხეთ სრულად