ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი MomsEdu.ge-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:
„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.
ტოპ 10 საკვები პროდუქტი, რომლებიც წონაში სწრაფად მატებას იწვევს
მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ტოპ 10 საკვებ პროდუქტზე მოგაწვდით ინფორმაციას, რომლებიც წონაში სწრაფად მატებას იწვევენ.
ჭარბი წონა და სიმსუქნე ყოველდღიურად უფრო მეტი და მეტი ადამიანის პრობლემა ხდება. დღეს ჩამოვთვალოთ ჯანმრთელობისთვის საზიანო ის 10 პროდუქტი, რომლებიც იწვევენ კილოგრამების სწრაფ მატებას.
ნაღების კარაქი - შეიცავს 60-70% „ცუდ“ ცხიმებს. კარაქიანი პური ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი პროდუქტია ორგანიზმისთვის.
მაიონეზი - არ შეიცავს არც ერთ სასარგებლო ნივთიერებას, დამატებული აქვს სინთეზური დანამატები, რომლებიც ხანგრძლივად რჩება ჩვენს ორგანიზმში.
ჩიფსი - შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით მარილს და ცხიმს, რომლებიც ძალიან საზიანოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.
შემწვარი ხორცი - შეიცავს დაახლოებით 30-40% ცხიმს, რაც მავნებელია ორგანიზმისთვის.
ტკბილეულები, პურ-ფუნთუშეული - დიდი რაოდენობით შაქრის შემცველობის გამო მავნებელია ორგანიზმისთვის, ასევე ისინი შეიცავს დიდი ოდენობით საფუარს, რაც ზედმეტი კილოგრამების დაგროვების წინაპირობაა.
ცხიმიანი რძის ნაწარმი - ცხიმის მაღალი შემცველობის გამო იწვევს წონის სწრაფ მატებას.
ძეხვეული და სოსისი - დიდი რაოდენობით ცხიმთან ერთად შეიცავს მარილს, სოიოს, სპეციალურ სუნელებს.
ტკბილი გაზიანი სასმელები - ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი, შეიცავს შაქარს განუზომელი რაოდენობით და დიდი წვლილი მიუძღვის წონის მატებაში.
შემწვარი კარტოფილი - დღის მანძილზე 1 თეფში შემწვარი კარტოფილი უდრის მომატებულ კილოგრამებს თქვენი ორგანიზმისთვის.
ალკოჰოლი - ანელებს მეტაბოლიზმს, ასეთ დროს ჩერდება ცხიმების წვა, ხდება კუნთური მასიდან ენერგიის გამოყენება, შედეგად კი მცირდება კუნთური მასა და იმატებს ორგანიზმში ცხიმის შემცველობა.
ბოლოს ხაზგასმით უნდა აღვიშნოთ, რომ წონის მატება შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა პროდუქტმა, თუ მას გამოვიყენებთ განუზომელი რაოდენობით. უნდა გვახსოვდეს, რომ ორგანიზმის ყველაზე დიდი მტერი არის „ფასტფუდი“ (სწრაფი კვება) და ტკბილი გაზიანი სასმელები, რომლებიც იწვევს წონის მომენტალურ მატებას!