ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი MomsEdu.ge-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:
„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.
„კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი. ძალიან არ უნდა მოშივდეს ბავშვს,“ - ნინო ხელაძე
ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ ბავშვებში ჭარბი წონის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ყველა ბავშვი ყოველდღიურად ერთი საათით მაინც უნდა იყოს დაკავებული სპორტით:
„ყოველდღე, ყველა ბავშვი მინიმუმ ერთი საათით უნდა იყოს სპორტით დაკავებული. ეს არის აბსოლუტური მინიმუმი ყველა ბავშვისთვის. თუკი მას წონაში მოკლება უნდა და ჭარბი წონა აქვს, ეს დრო, რა თქმა უნდა, იზრდება. ეკრანული დრო ითვლება, რომ მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა არის ორი საათი. ეს მოიცავს როგორც ტელეფონს, ასევე პლანშეტს, კომპიუტერს და ტელევიზორს. მეტი არ შეიძლება, არამარტო სიმსუქნის რისკის, არამედ სხვა ბევრი ჯანმრთელობის პრობლემის გამო.“
ნინო ხელაძის თქმით, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იტვირთება თუ არა ბავშვი ფიზიკურად დღის განმავლობაში:
„ფიზიკური დატვირთვის ყველა წუთი არის მნიშვნელოვანი. თუ ზოგიერთი ოჯახი ვერ ახერხებს ფინანსური თუ ლოჯისტიკის საკითხის გამო, რომ ატაროს ბავშვი ერთ, ორ ან რამდენიმე წრეზე ან სპორტზე, თუნდაც 15-15 წუთით რომ სახლში იცეკვოს ბავშვმა, ან ფეხით იაროს, ერთი საათი მაინც რომ გამოუვიდეს ფიზიკური დატვირთვა, ველოსიპედი იქნება თუ როლიკები, კარგია. უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება ბავშვი დღის განმავლობაში მინიმალური ერთი საათით ფიზიკურად დაიტვირთა თუ არა.“
„აუცილებლად მთელმა ოჯახმა უნდა შეცვალოს კვებითი ქცევა. ხშირად, როდესაც ვეკითხებით მშობელს: „როგორ იკვებეთ გუშინ?“ იქ უამრავი არასწორი კომპონენტი იქნება გამოვლენილი, რომლის მოდიფიცირება, შეცვლა დიდ შედეგს მოგვცემს. მაგალითად, ტკბილეულის მოხმარება, ცომეულის მოხმარება,საკვების გადანაწილება. 8 წლის ასაკში ბავშვი მინიმუმ 3-ჯერ უნდა იკვებებოდეს დღის განმავლობაში. კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი. ძალიან არ უნდა მოშივდეს ბავშვს, რომ მერე ჭარბად არ მიიღოს საკვები. ხემსიც შესაძლებელია ჰქონდეს რვა წლის ბავშვს. ხანდახან ბავშვი მოჰყავთ მხოლოდ და გეუბნებიან, რომ წონაში დააკლებინო. ეს ოჯახისა და ბავშვის კოლექტიური შრომის შედეგი უნდა იყოს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.