ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი MomsEdu.ge-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:
„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.
რა შემთხვევაში უნდა შევზღუდოთ ბავშვის რაციონში ხილი? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს
ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში საინტერესო პასუხი გასცა ერთ-ერთი მშობლის კითხვას. მშობელი ღელავდა, რომ მისი შვილები დიდი რაოდენობით ხილს მიირთმევდნენ, რაც მათ მადას უქვეითებდა და სხვა სახის საკვებისადმი გულგრილს ხდიდა. ევგენი კომაროვსკის პასუხს ჩვენს სტატიაში უცვლელად გთავაზობთ:
თუ ბავშვი ბევრ ხილს მიირთმევს, მის რაციონში არ შედის შაქრის დანამატების შემცველი პროდუქტები, შოკოლადი და სხვა ტკბილეული, მაგრამ ამავე დროს ის ნორმალურად იზრდება, ვითარდება, ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, მას ხილის რაოდენობა არ უნდა შეუზღუდოთ. ბავშვმა იმდენი ხილი უნდა მიირთვას, რამდენიც სურს.
რა ხდება მაშინ, როდესაც ბევრი ხილის მირთმევა ბავშვს მადას უქვეითებს და ის დღის განმავლობაში სხვა საკვების მიღებაზე უარს აცხადებს? თუ ბავშვი შეწყვეტს ბოსტნეულის, თევზის, ხორცის მიღებას და მხოლოდ ხილით დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რაციონის კორექცია აუცილებელია. როგორც ყოველთვის, ოქროს შუალედის დაცვა აქაც მნიშვნელოვანია.
სრულფასოვან საუზმესა და სრულფასოვან სადილს შორის ბავშვები თუ ბევრ ხილს მიირთმევენ, ეს მათ მხოლოდ სარგებელს მოუტანს და ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. ამ შემთხვევაში ნუ შეუზღუდავთ ბავშვს ხილის რაოდენობას. მთავარია, რომ საუზმის შემდეგ ხილის მიღებამ ბავშვს ხელი არ შეუშალოს სრულფასოვანი სადილის მიღებაში.