Baby Bag

რაქიტსა და მის გამომწვევ მიზეზებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თამთა ხუჯაძე ესაუბრა

რაქიტსა და მის გამომწვევ მიზეზებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თამთა ხუჯაძე ესაუბრა

რა არის რაქიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ბავშვებში? - ამ და რექიტის შესახებ სხვა საინტერესო საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ნეფროლოგი თამთა ხუჯაძე.

- რა არის რაქიტი?

- რაქიტი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა დაავადებაა, რომელიც ვითარდება როგორც D-ვიტამინის, ასევე, კალციუმისა და ფოსფორის ნაკლებობის ფონზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლის და კუნთების ტკივილი, მოტეხილობები, ძვლის დეფორმაციები, ზრდის შეფერხება, კუნთების სისუსტე. რაქიტი 100 000 ბავშვიდან დაახლოებით 7-8 ბავშვს აღენიშნება. დაავადების სიხშირე თანაბარია მამაკაცებსა და ქალებში. რაქიტი შედარებით ხშირად გვხვდება ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში. შედარებით იშვიათია შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, გარდა გარკვეული უმცირესობებისა.

- ძირითადად, რა იწვევს რაქიტს?

რაქიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის D ვიტამინის დეფიციტი, არასწორი კვება, D ვიტამინით, კალციუმითა და ფოსფორით ღარიბი პროდუქტების მიღება და მზის ულტრაიისფერი სხივების არასაკმარისი ექსპოზიცია. რაქიტის განვითარების სხვა მიზიეზებში უნდა განვიხილოთ: D ვიტამინის მეტაბოლიზმის დარღვევით მიდინარე მდგომარეობები, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის (გლუკოკორტიკოიდები, ანტიკონვულსანტები, დიურეტიკები, ანტაციდები, ფიტინი) მიღების ფონზე. კანის დაავადებები, რომლის დროს დაქვეითებულია ქოლეკალციფეროლის სინთეზი. გასტროინტესტინური ტრაქტის დაზიანება, რის გამოც ვერ ხერხდება საკვებით მიღებული D ვიტამინის ათვისება (მალაბსორბციის სინდრომი, პანკრეასის უკმარისობა და სხვ.) ღვიძლისა და თირკმელების ის დაავადებები, რომელთა დროსაც ირღვევა D ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნა.

არსებობს მემკვიდრეობითი გენეტიკური ფორმებიც. კვებითი პრობლემების ფონზე განვითარებული რაქიტი ჩვეულებრივ გამოწვეულია D ვიტამინის ნაკლებობით, ამ დეფიციტის მიზეზია: მზის სხივების არასაკმარისი ზემოქმედება (რაც სხეულს ეხმარება საკუთარი D ვიტამინის გამომუშავებაში). D ვიტამინის ნაკლებობა ბავშვის კვებაში ვეგეტარიანული/ვეგანური დიეტების, ასევე, რიგი დაავადებების დროს, რომლებიც ზღუდავს D ვიტამინის ათვისებას (როგორიცაა კრონის დაავადება, ცელიაკია, კისტოზური ფიბროზი ან წყლულოვანი კოლიტი). რამდენიმე გენეტიკური დაავადება ხელს უშლის ბავშვის ორგანიზმისმიერ D ვიტამინის შეწოვას. თანდაყოლილი რაქიტი შეიძლება გამოწვეული იყოს დედის დაავადებებით, მათ შორის მძიმე ოსტეომალაცია, არანამკურნალევი ცელიაკია, მალაბსორბცია, პრეეკლამფსია და ნაადრევი მშობიარობა.

- რა სიმპტომები შეიძლება მიგვითითებდეს რაქიტზე?

- სიმპტომატიკა ვლინდება 3-დან 18 თვის ასაკამდე. რაქიტის ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ძვლის მტკივნეულობას, ძვლის მოტეხილობისადმი მიდრეკილებას. რაქიტის პირველ ნიშნად შესაძლებელია მივიჩნიოთ ჩვილებში დიდი ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა. მცირეწლოვან ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ დეფორმული ფეხები, სქელი ტერფები და მაჯები, მენჯის ძვლები და გულმკერდის დეფორმაცია. სისხლში კალციუმის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ტეტანია - კუნთების უკონტროლო სპაზმი. ასევე, შეიძლება წარმოიშვას სტომატოლოგიური პრობლემები. რაქიტი იწვევს ცვლილებებს ნერვულ, ძვალსახსროვან და კუნთოვან სისტემებში. სიმპტომების გამოვლენის ხარისხი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ანამნეზური მონაცემებიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს კვების ხასიათზე, დღის რეჟიმზე, მოვლის პრინციპებზე.

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) კანში წარმოიქმნება ქოლესტერინის წარმოებულიდან ულტრაიისფერი B შუქის სტიმულის ქვეშ, ულტრაიისფერი შუქი ან ვირთევზას ღვიძლის ზეთი იყო D ვიტამინის ერთადერთი მნიშვნელოვანი წყარო მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, სანამ ერგოსტეროლი (ვიტამინი D-2) სინთეზირებული იყო დასხივებული მცენარეული სტეროიდებისგან. ადამიანის რძეში D ვიტამინის შემცველობა დაბალია 20-40 სე/ლ-ზე ამიტომ, ჩვილები, რომლებიც იმყოფებიან ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე (ასევე, ვინც არ ღებულობს პერორალურ დანამატს და მათ, ვისაც აქვს მუქი პიგმენტური კანი, რომელიც ბლოკავს ულტრაიისფერი შუქის შეღწევას) იმყოფებიან რაქიტის განვითარების რისკის ქვეშ.

- როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?

- დიაგნოზი ძირითადად ემყარება კლინიკურ ნიშნებსა და ანამნეზურ მონაცემებს. დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლებელია ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევები - სისხლის ანალიზი, რომელიც აღმოაჩენს დაბალი კალციუმის, D ვიტამინის, ფოსფორის და მაღალი ტუტე ფოსფატაზას და პარათჰორმონის მაჩვენებელს რენტგენოლოგიურ მონაცემებთან ერთად. უმეტესად ყურადღება ექვცევა მუხლის სახსრისა და მაჯის ძვლების რენდგენოგრამას; ძვლის ბიოფსია (ძალიან იშვიათად კეთდება); გენეტიკური ტესტირება (მემკვიდრეობითი რაქიტისთვის).

- მკურნალობის მეთოდებზეც რომ ვისაუბროთ.

- მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის აუცილებლობაც. დაავადების გენეტიკური ფორმები კი საჭიროებს სპეციალიზებულ მკურნალობას. რაქიტის პრევენცია შესაძლებელია, რისთვისაც ორსულებმა უნდა მიიღონ მინიმუმ 600 სე ვიტამინი D დღეში. თუმცა ლაბორატორიული მონაცემების გათვალისწინებით შესაძლებელია დოზირების ცვლილება კალციუმის პრეპარატთან კომბინაციაში. ძუძუთი კვებაზე მყოფმაყველა ჩვილმა უნდა მიიღოს 400 სე ვიტამინი D დღეში. ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს პერიოდულად მზის სხივების ზემოქმედებას, D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღებას. რაქიტის სამკურნალოდ იყენებენ D ვიტამინის ორივე ფორმას – D2-სა და D3-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული და ჩვეულებრივ, 1-3 თვეს უდრის. რაქიტის მსუბუქი ფორმის დროს მკურნალობა საშუალოდ 1 თვეს გრძელდება. შემდეგ D ვიტამინის დოზა მცირდება – რჩება მხოლოდ საპროფილაქტიკო.მედიკამენტის დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა გაკონტროლდეს ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური მონაცემების კონტროლის პარალელურად მხოლოდ ექიმის მეთვალყუეობის ქვეშ. თუ ბავშვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს (შეწოვისა და მონელების დარღვევა), შეგვიძლია მივცეთ D ვიტამინის წყალხსნარი. რაქიტის დროს აუცილებელია კალციუმით მდიდარი საკვების (რძისა და მისი ნაწარმის, ლობიოს, თევზეულის, კვერცხის და სხვ.) მიღება.

რაქიტის პროფილაქტიკა: D ვიტამინით პროფილაქტია უნდა გაგრძელდეს სიცოცხლის პირველი 2 წელი. ასევე, ბალანსირებული კვება, დამატებითი საკვების დროული დაწყება, მზის სხივების ზემოქმედების ადეკვატური ხანგრძლივობა. 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის მზის პირდაპირი სხივების მოხვედრა არ არის რეკომენდებული, ხოლო 6 თვიდან ნებადართულია დღეში მხოლოდ 17 წუთის (კვირაში 2 საათის) განმავლობაში. რაქიტის დროული დიაგნოსტირება და შესაბამისად, ადეკვატური მკურნალობა კეთილსაიმედო პროგნოზის მანიშნებელია, მაგრამ თუ მკურნალობამ დაიგვიანა, შესაძლოა, დარჩეს ძვალსახსროვანი სისტემის დეფორმაციები. იშვიათად თანმხლები ინფექციები რაქიტის ფონზე სიკვდილსაც კი იწვევს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ კვების პროცესის მიჯაჭვულობა დარღვეულია, ბავშვის საკვებთან დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იქნება,“- ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

„თუ კვების პროცესის მიჯაჭვულობა დარღვეულია, ბავშვის საკვებთან დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იქნება,“- ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

ფსიქოლოგმა ირმა კვაჭაძემ ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის ძუძუთი კვების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

„ძუძუთი კვების პროცესი არის ყველაზე ინტიმური კავშირი დედასა და შვილს შორის, რომელიც დაბადებიდან პირველივე წამებში მყარდება. მუცლად ყოფნისას ბავშვი საკვებს დედის ჭიპლარით იღებს. ეს პროცესი მერეც გრძელდება. დაბადებიდან პირველი წელი ბავშვი გადის ორალურ ფაზას. ის სამყაროს ეცნობა პირით. მისი მოთხოვნილებები კმაყოფილდება პირით. ეს კონტაქტი არის მისი შფოთვის დამარეგულირებელი, დაცულობის გარანტი. ბავშვი პირით შეიცნობს სამყაროს. სწორედ ამიტომ, როდესაც ზრდასრულ ასაკში შფოთვა გვაქვს და ის არ არის გაცნობიერებული, მას კვებით ვირეგულირებთ, ან ფრჩხილების კვნეტის მოთხოვნილება გვაქვს. ეს არის ორალურ ფაზაში მომხდარი ცვლილებების დამსახურება. ამ ფაზას რამდენად ჯანსაღად გავივლით, ეს შემდგომ ასაკში აისახება.

ორალური ფაზა არის სიგნალი იმისა, რომ სამყარო აღიქვამს ჩემს მოთხოვნილებებს და ამას აკმაყოფილებს. ეს არის კვების პროცესის გამართულად ფუნქციონირება. ბუნებრივი კვების დროს ბევრად უფრო უსაფრთხოდ ხდება ამ პროცესის გავლა, ვიდრე ხელოვნური კვების დროს. ამ დროს მშობელი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს. როდესაც ბავშვის ორგანიზმში წარმოიშობა იმპულსი, რომ მას კვების მოთხოვნილება აქვს, დედა ამას გრძნობს, როდესაც ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა. ხელოვნურ კვებაზე იმპულსის დაფიქსირება გადავადდება 10-15 წუთით. ბავშვს აქვს განცდა, რომ უნდა კვება, მაგრამ როდის დაუკმაყოფილებენ სურვილს, არ იცის. როდესაც არ ხდება ამ სიგნალის დროულად დაკმაყოფილება, ბავშვში არაერთგვაროვანი ემოციები იჩენს თავს. თუ კვების პროცესის მიჯაჭვულობა დარღვეულია, ამ შემთხვევაში ბავშვის საკვებთან დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იქნება. ფსიქოანალიზი მთლიანად ამ ფაზის სწორად გავლაზეა დაყრდნობილი. ამ ფაზის გახანგრძლივებაც კი იგივე პრობლემაა, როგორც მისი არქონა,”- აღნიშნულ საკითხზე ირმა კვაჭაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ ისაუბრა.

წყარო:​ „უიქენდი“

წაიკითხეთ სრულად