Baby Bag

რაქიტსა და მის გამომწვევ მიზეზებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თამთა ხუჯაძე ესაუბრა

რაქიტსა და მის გამომწვევ მიზეზებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თამთა ხუჯაძე ესაუბრა

რა არის რაქიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ბავშვებში? - ამ და რექიტის შესახებ სხვა საინტერესო საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ნეფროლოგი თამთა ხუჯაძე.

- რა არის რაქიტი?

- რაქიტი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა დაავადებაა, რომელიც ვითარდება როგორც D-ვიტამინის, ასევე, კალციუმისა და ფოსფორის ნაკლებობის ფონზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლის და კუნთების ტკივილი, მოტეხილობები, ძვლის დეფორმაციები, ზრდის შეფერხება, კუნთების სისუსტე. რაქიტი 100 000 ბავშვიდან დაახლოებით 7-8 ბავშვს აღენიშნება. დაავადების სიხშირე თანაბარია მამაკაცებსა და ქალებში. რაქიტი შედარებით ხშირად გვხვდება ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში. შედარებით იშვიათია შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, გარდა გარკვეული უმცირესობებისა.

- ძირითადად, რა იწვევს რაქიტს?

რაქიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის D ვიტამინის დეფიციტი, არასწორი კვება, D ვიტამინით, კალციუმითა და ფოსფორით ღარიბი პროდუქტების მიღება და მზის ულტრაიისფერი სხივების არასაკმარისი ექსპოზიცია. რაქიტის განვითარების სხვა მიზიეზებში უნდა განვიხილოთ: D ვიტამინის მეტაბოლიზმის დარღვევით მიდინარე მდგომარეობები, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის (გლუკოკორტიკოიდები, ანტიკონვულსანტები, დიურეტიკები, ანტაციდები, ფიტინი) მიღების ფონზე. კანის დაავადებები, რომლის დროს დაქვეითებულია ქოლეკალციფეროლის სინთეზი. გასტროინტესტინური ტრაქტის დაზიანება, რის გამოც ვერ ხერხდება საკვებით მიღებული D ვიტამინის ათვისება (მალაბსორბციის სინდრომი, პანკრეასის უკმარისობა და სხვ.) ღვიძლისა და თირკმელების ის დაავადებები, რომელთა დროსაც ირღვევა D ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნა.

არსებობს მემკვიდრეობითი გენეტიკური ფორმებიც. კვებითი პრობლემების ფონზე განვითარებული რაქიტი ჩვეულებრივ გამოწვეულია D ვიტამინის ნაკლებობით, ამ დეფიციტის მიზეზია: მზის სხივების არასაკმარისი ზემოქმედება (რაც სხეულს ეხმარება საკუთარი D ვიტამინის გამომუშავებაში). D ვიტამინის ნაკლებობა ბავშვის კვებაში ვეგეტარიანული/ვეგანური დიეტების, ასევე, რიგი დაავადებების დროს, რომლებიც ზღუდავს D ვიტამინის ათვისებას (როგორიცაა კრონის დაავადება, ცელიაკია, კისტოზური ფიბროზი ან წყლულოვანი კოლიტი). რამდენიმე გენეტიკური დაავადება ხელს უშლის ბავშვის ორგანიზმისმიერ D ვიტამინის შეწოვას. თანდაყოლილი რაქიტი შეიძლება გამოწვეული იყოს დედის დაავადებებით, მათ შორის მძიმე ოსტეომალაცია, არანამკურნალევი ცელიაკია, მალაბსორბცია, პრეეკლამფსია და ნაადრევი მშობიარობა.

- რა სიმპტომები შეიძლება მიგვითითებდეს რაქიტზე?

- სიმპტომატიკა ვლინდება 3-დან 18 თვის ასაკამდე. რაქიტის ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ძვლის მტკივნეულობას, ძვლის მოტეხილობისადმი მიდრეკილებას. რაქიტის პირველ ნიშნად შესაძლებელია მივიჩნიოთ ჩვილებში დიდი ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა. მცირეწლოვან ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ დეფორმული ფეხები, სქელი ტერფები და მაჯები, მენჯის ძვლები და გულმკერდის დეფორმაცია. სისხლში კალციუმის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ტეტანია - კუნთების უკონტროლო სპაზმი. ასევე, შეიძლება წარმოიშვას სტომატოლოგიური პრობლემები. რაქიტი იწვევს ცვლილებებს ნერვულ, ძვალსახსროვან და კუნთოვან სისტემებში. სიმპტომების გამოვლენის ხარისხი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ანამნეზური მონაცემებიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს კვების ხასიათზე, დღის რეჟიმზე, მოვლის პრინციპებზე.

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) კანში წარმოიქმნება ქოლესტერინის წარმოებულიდან ულტრაიისფერი B შუქის სტიმულის ქვეშ, ულტრაიისფერი შუქი ან ვირთევზას ღვიძლის ზეთი იყო D ვიტამინის ერთადერთი მნიშვნელოვანი წყარო მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, სანამ ერგოსტეროლი (ვიტამინი D-2) სინთეზირებული იყო დასხივებული მცენარეული სტეროიდებისგან. ადამიანის რძეში D ვიტამინის შემცველობა დაბალია 20-40 სე/ლ-ზე ამიტომ, ჩვილები, რომლებიც იმყოფებიან ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე (ასევე, ვინც არ ღებულობს პერორალურ დანამატს და მათ, ვისაც აქვს მუქი პიგმენტური კანი, რომელიც ბლოკავს ულტრაიისფერი შუქის შეღწევას) იმყოფებიან რაქიტის განვითარების რისკის ქვეშ.

- როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?

- დიაგნოზი ძირითადად ემყარება კლინიკურ ნიშნებსა და ანამნეზურ მონაცემებს. დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლებელია ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევები - სისხლის ანალიზი, რომელიც აღმოაჩენს დაბალი კალციუმის, D ვიტამინის, ფოსფორის და მაღალი ტუტე ფოსფატაზას და პარათჰორმონის მაჩვენებელს რენტგენოლოგიურ მონაცემებთან ერთად. უმეტესად ყურადღება ექვცევა მუხლის სახსრისა და მაჯის ძვლების რენდგენოგრამას; ძვლის ბიოფსია (ძალიან იშვიათად კეთდება); გენეტიკური ტესტირება (მემკვიდრეობითი რაქიტისთვის).

- მკურნალობის მეთოდებზეც რომ ვისაუბროთ.

- მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის აუცილებლობაც. დაავადების გენეტიკური ფორმები კი საჭიროებს სპეციალიზებულ მკურნალობას. რაქიტის პრევენცია შესაძლებელია, რისთვისაც ორსულებმა უნდა მიიღონ მინიმუმ 600 სე ვიტამინი D დღეში. თუმცა ლაბორატორიული მონაცემების გათვალისწინებით შესაძლებელია დოზირების ცვლილება კალციუმის პრეპარატთან კომბინაციაში. ძუძუთი კვებაზე მყოფმაყველა ჩვილმა უნდა მიიღოს 400 სე ვიტამინი D დღეში. ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს პერიოდულად მზის სხივების ზემოქმედებას, D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღებას. რაქიტის სამკურნალოდ იყენებენ D ვიტამინის ორივე ფორმას – D2-სა და D3-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული და ჩვეულებრივ, 1-3 თვეს უდრის. რაქიტის მსუბუქი ფორმის დროს მკურნალობა საშუალოდ 1 თვეს გრძელდება. შემდეგ D ვიტამინის დოზა მცირდება – რჩება მხოლოდ საპროფილაქტიკო.მედიკამენტის დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა გაკონტროლდეს ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური მონაცემების კონტროლის პარალელურად მხოლოდ ექიმის მეთვალყუეობის ქვეშ. თუ ბავშვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს (შეწოვისა და მონელების დარღვევა), შეგვიძლია მივცეთ D ვიტამინის წყალხსნარი. რაქიტის დროს აუცილებელია კალციუმით მდიდარი საკვების (რძისა და მისი ნაწარმის, ლობიოს, თევზეულის, კვერცხის და სხვ.) მიღება.

რაქიტის პროფილაქტიკა: D ვიტამინით პროფილაქტია უნდა გაგრძელდეს სიცოცხლის პირველი 2 წელი. ასევე, ბალანსირებული კვება, დამატებითი საკვების დროული დაწყება, მზის სხივების ზემოქმედების ადეკვატური ხანგრძლივობა. 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის მზის პირდაპირი სხივების მოხვედრა არ არის რეკომენდებული, ხოლო 6 თვიდან ნებადართულია დღეში მხოლოდ 17 წუთის (კვირაში 2 საათის) განმავლობაში. რაქიტის დროული დიაგნოსტირება და შესაბამისად, ადეკვატური მკურნალობა კეთილსაიმედო პროგნოზის მანიშნებელია, მაგრამ თუ მკურნალობამ დაიგვიანა, შესაძლოა, დარჩეს ძვალსახსროვანი სისტემის დეფორმაციები. იშვიათად თანმხლები ინფექციები რაქიტის ფონზე სიკვდილსაც კი იწვევს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლებს ვურჩევ, ჩვილის კვება დაიწყონ ბოსტნეულის ფაფებით, რადგან, როცა ხილის ფაფებით იწყებენ, შემდეგ ბოსტნეულს ვეღარ იღებენ ხოლმე“

„მშობლებს ვურჩევ, ჩვილის კვება დაიწყონ ბოსტნეულის ფაფებით, რადგან, როცა ხილის ფაფებით იწყებენ, შემდეგ ბოსტნეულს ვეღარ იღებენ ხოლმე“

რა გავითვალისწინოთ ჩვილების კვებასთან დაკავშირებით და რომელი თვიდან რა პროდუქტი შევიტანოთ პატარას რაციონში? - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ​MomsEdu.ge პედიატრიის რეზიდენტ და სასწრაფო პედიატრის უმცროს ექიმ - ნინო ვარდოსანიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ნინო, რა გავითვალისწინოთ ჩვილის კვების გეგმის შედგენისას?

- პედიატრები ყოველთვის ხაზს ვუსვამთ და წინ ვაყენებთ ​ექსკლუზიურად ძუძუთი კვებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი უპირველესად უნდა იკვებებოდეს დედის რძით. ძალიან იშვიათია ხოლმე, როდესაც წინააღმდეგ ნაჩვენებია დედის რძით ბავშვის გამოკვება. მაგალითად, თუ არის მკერდის აბსცესი ან ქრონიკული პათოლოგია, ამ დროს ხანდახან წინააღმდეგ ნაჩვენებია ძუძუთი კვება. სხვა შემთხვევაში კი, ფაქტობრივად, არ გააჩნია ძუძუთი კვებას რაიმე წინააღმდეგ ჩვენება. რაც შეეხება შემდგომ ასაკს, თუ ბავშვი არის ბუნებრივ კვებაზე და ნამატი ნორმალურია, დაახლოებით 6 თვიდან შემოგვაქვს კვების რაციონში სხვადასხვა პროდუქტი. თუ ბავშვი არის ხელოვნურ კვებაზე, სასურველია 4 თვის ასაკიდან შემოვიტანოთ საკვები პროდუქტები ბავშვის კვების რაციონში.

პირველ რიგში, მე მაინც ვურჩევ, რომ დაიწყონ ბოსტნეულის ფაფებით, რადგან, როცა იწყებენ ხილის ფაფებით, შემდეგ ბოსტნეულს ვეღარ იღებენ ხოლმე იმიტომ, რომ ხილის ფაფები არის მეტად ტკბილი. აუცილებლად ვიწყებთ ფაფისებრი კონსისტენციით. დედის რძე არის მაქსიმალურად თხიერი კონსისტენციის, ამიტომ ნელ-ნელა უნდა შევცვალოთ საკვების კონსისტენცია, რომ ნელ-ნელა მიეჩვიოს ბავშვი ამის მონელებას და დაღეჭვას. რძის პროდუქტებიდან აუცილებლად შემოგვაქვს  ხაჭო, 6-7 თვის ასაკიდან უნდა იყოს ეს პროდუქტი ბავშვის კვების რაციონზე ადაპტირებული. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სოფლის ხაჭო, რომელიც რაღაც კომპონენტებით მდიდარია, მაგრამ ამასთანავე შესაძლოა, გახდეს ბავშვისთვის რთულად გადასამუშავებელი. რა თქმა უნდა, რძეს სუფთა სახით არ ვაძლევთ, მინიმუმ წლამდე, თუმცა ამერიკელებს უწერიათ, რომ ზოგადად ყველანაირი დიდების საკვები უმჯობესია, არ მივცეთ 2 წლამდე. რა თქმა უნდა, თავი უნდა შევიკავოთ ალერგიული საკვებისგან, როგორიცაა მაგალითად ​თაფლი, რომელსაც წლამდე ასაკში ალერგიის გამოწვევის რის​კი აქვს. ხორცი შემოდის 6-7 თვის ასაკიდან, შემდგომ ემატება თევზი და ასე შემდეგ.

რაც შეეხება მოზრდილ ასაკს, აქ უკვე სადღაც 1 წლიდან შეგვიძლია მივცეთ ბავშვს მოზრდილი ადამიანისთვის განკუთვნილი საკვები, მაგრამ ეს უნდა იყოს დაბალანსებული საშუალო რაოდენობის მარილით, ცხიმით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული მარგარინი, თუ ამის აუცილებლობაა, შეიძლება გამოვიყენოთ კარაქი. ხანდახან შესაძლოა, რჩევის სახით კალორაჟის მოსამატებლად ვურჩიოთ ზეთის ან კარაქის დამატება რაციონში, როცა წონის პრობლემაა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვის საკვები ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ყველა კომპონენტით მდიდარი მიკრო და მაკრო ნუტრიენტებით. თანამედროვე მედიცინაში არსად არ წერია, რომ უნდა მივცეთ ბავშვს დამატებით ვიტამინი ან მინერალი იმ შემთხვევის გარდა,  თუ რაიმე სახის დეფიციტია დადგენილი. ბავშვმა ყველაფერი უნდა მიიღოს საკვებიდან ბუნებრივი გზებით იმიტომ, რომ ამ დროს არის სწორედ ყვეელაზე კარგი შეწოვა და გადამუშავებაც. ერთადერთი არის D ვიტამინი, რომელიც უნდა მივცეთ ბავშვს ხელოვნურად, რადგან ენდემურად საქართველოში ამის დეფიციტი დგინდება.

- ვაჭამოთ პატარას მოთხოვნის მიხედვით, თუ რეჟიმის დაცვით?

- პირველი 2 თვის გამავლობაში ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის მოწოდებული არ არის, ამ პერიოდში ისინი ნელ-ნელა თვითონ აყალიბებენ რეჟიმს. უხეშად რომ ვთქვათ, წლამდე ასაკის ბავშვი 1 ლიტრამდე საკვებს უნდა იღებდეს დღე-ღამის განმავლობაში, ეს უნდა იყოს გადანაწილებული. თავიდან შეიძლება კვებებს შორის შუალედი იყოს 3-3.5 საათი, დროთა განმავლობაში იცვლება. სადღაც 6 თვიდან 6-ჯერად კვებაზე გადაგვყავს, მერე უკვე 5-ჯერადზე და ასე ნელ-ნელა ვამცირებთ ჯერადობას და ვზრდით რაოდენობას. თუმცა პირველადად, სადღაც საშუალოდ 60-80 მლტ-მდე იკვებებიან ბავშვები და ნელ-ნელა ესეც იზრდება. დედის რძის შემთხვევაში ამის დათვლა რთულია, თუ არ იწველის დედა და ბოთლით არ აჭმევს. რაც შეეხება ხელოვნურს, ამ დროს აუცილებელია რეჟიმის დაცვა, ვინაიდან ხელოვნური საკვები დედის რძესთან შედარებით რთულად გადასამუშავებელია. ამ შემთხვევაში მაინც კარგია 3-3.5 საათის შუალედის დაცვა. დღის შემთხვევაში არ უნდა იყოს 4 სთ-ზე მეტი, ღამე 6 სთ-ზე მეტი.

- როგორ ვაჭამოთ ჩვილებს მარტივად?

- ხშირ შემთხვევაში ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვების მშობლებისგან მოვისმინოთ, რომ ბავშვი არ წოვს ან ბავშვს არ ჰყოფნის რძე. ხშირად არის ხოლმე, რომ ბავშვს ასეთ დროს არასწორ პოზიციაში კვებავენ. ბავშვი უნდა იყოს სიგრძივად, სწორად, ჰორიზონტალურად, არ უნდა იყოს მოხრილი, არ უნდა იყოს დისკომფორტის ზონაში. ბავშვის სახე აუცილებლად უნდა იყოს მკერდისკენ მოტრიალებული სრულიად, ნიკაპი უნდა იყოს მობჯენილი ძუძუზე და რაც ყველაზე მთავარია, რაც დედების 90%-ს ეშლება, ძუძუს თავი კი არა,ძუძუს დვრილი უნდა იყოს ბავშვის პირში მოთავსებული. იქიდან გამომდინარე, რომ ძუძუს თავში არ არის სადინრები, რომლიდანაც შეიძლება ძუძუს წოვის აქტი დასტიმულირდეს. მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორიც, აუცილებელია ქვედა ტუჩი იყოს გადმოტრიალებული. ეს ხდება მაშინ, როცა სწორად უდევს ბავშვს ძუძუ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლოყები არ მონაწილეობდეს წოვის აქტში. რაც შეხება ბოთლით კვებას, აქ მნიშვნელოვანია, თუ როგორია ბოთლი. თუ ბავშვი სწრაფად ჭამს, სასურველია, დავასვენოთ, წამოვაყენოთ, ცოტა ხანი ვერტიკალურ პოზაში დავიჭიროთ, რომ „ამოაბოყინოს“.  როცა ბავშვი სწრაფად ჭამს, ის ყლაპავს დიდი რაოდენობით ჰაერს და თუ არ გათავისუფლდა ამისგან აქვს ძალიან დიდი დისომფორტი. აქედან გამომდინარე, ეს შესვენებაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ბოთლს, არ არის მოწოდებული წოლის დროს კვება, ყოველთვის ჯობია, ხელში გვეჭიროს და შევასვენოთ საჭიროების შემთხვევაში. აუცილებელია, შევხედოთ ბოთლის თავს, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგჯერ ბოთლიდან, რომლის საწოვარას ძალიან დიდი ხვრელი აქვს, ძალიან სწრაფად გადმოდის რძე, ამის გადაყლაპვა და მონელება ბავშვებს უჭირთ და მერე ხშირია ხოლმე წამოქაფებები, ამიტომ მნიშვნელოვანია ბოთლის სწორი შერჩევა. ასევე მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს აქვს თანდაყოლილი დეფექტი, ტუჩის ან სასის ნაპრალი, ასეთ დროს არსებობს სპეციალური საწოვრები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ. აუცილებელია ასევე ტემპერატურის დარეგულირება სანამ ბავშვს გამოვკვებავთ. რაც შეეხება 1 წლიდან, აქ უკვე დიდების მაგიდასთან უნდა ვკვებოთ ბავშვები კოვზით, ჩანგლით და ასე შემდეგ.

ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R

წაიკითხეთ სრულად