Baby Bag

წონის მატება, არტერიული წნევის მატების რისკი, მიდრეკილება კარიესისაკენ - რა საფრთხეებს იწვევს ,,ენერგეტიკული სასმელი" მოზარდებში

წონის მატება, არტერიული წნევის მატების რისკი, მიდრეკილება კარიესისაკენ - რა საფრთხეებს იწვევს ,,ენერგეტიკული სასმელი" მოზარდებში

რა რისკებს იწვევს 18 წლამდე ახალგაზრდებში "ენერგეტიკული სასმლის" ხშირი მოხმარება, რა კონკრეტულ დაავადებებს ავითარებს ის და რა საფრთხეების წინაშე დგანან მოზარდები, რომლებიც მათზე დამოკიდებულები ხდებიან - ამის შესახებ პედიატრმა, ივანე ჩხაიძემ გადაცემაში ,,იმედის დღე" ისაუბრა. 

"საფრთხეები არის რეალური. ეს სასმელები, სახელებიდან გამომდინარე, არ განიხილება, როგორც სახიფათო. ისინი შეფუთულია მარკეტინგულად, მაგრამ იდეა და ამ სასმლის დანიშნულება გახლავთ სრულიად განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვენი ახალგაზრდები უკავშირებენ. ძალიან დიდი განსხვავებაა ენერგეტიკულ და სპორტულ სასმელებს შორის. 1965 წლიდან  იწყება მათი ისტორია და გამოიყენეს მაშინ, როცა ნახეს, რომ ძალიან ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ენერგიის დეფიციტთან ერთად, იყო სითხის დეფიციტი. 

თუ ჩვენ ,,ენერგეტიკულ სასმელს" ვიღებთ რეგულარულად, რისკები და საფრთხეები მატულობს. რაც დაკავშირებულია შემადგენლობაში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებთან - კონსერვანტები, ფერის მიმცემები, თავისთავად, დაკავშირებულია დიდ საფრთხეებთან. რისკად არ არის განხილული ინტოქსიკაციის გამოწვევა", - აღნიშნავს ჩხაიძე და ხაზს უსვამს, რომ 18 წლამდე ბავშვებისთვის მისი არათუ ყოველდღიური, ხშირი მოხმარებაც კი რისკისშემცველია. 

პედიატრის თქმით, როდესაც 10 წლამდე ბავშვები იღებენ "ენერგეტიკულ სასმელებს", რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ მოზარდს ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას. 

"პირველ ყოვლისა, მშობლის ვალდებულებაა, იყოს ინფორმირებული არსებული რისკების შესახებ. გამოსავალი იქნება, თუკი მათ (რეალიზებას) ავკრძალავთ. ერთი წინადადებით მაინც ეწეროს, რომ არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. 

ყველაზე ცუდი სამი შედეგი, რაც ამ პროდუქტს შეუძლია, ბავშვებში გამოიწვიოს - და ეს უკვე  არის კვლევებითაა დადასტურებული -  გახლავთ წონის მატება, არტერიული წნევის მატების რისკი, ასევე - მიდრეკილება კარიესისაკენ. თითოეული შემადგენელი ნაწილი ალერგიის პოტენციური გამომწვევია. 

ზოგიერთი ენერგეტიკული სასმელი კოფეინს არ შეიცავს, მაგრამ შაქრის შემცველობა უკვე დიაბეტის რისკთან არის დაკავშირებული", - განმარტავს ივანე ჩხაიძე.


წყარო: ,​,იმედის დღე"