Baby Bag

„ბედნიერებაა გახდე მშობელი: იპოვე შენი ბედნიერება,“- რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე

„ბედნიერებაა გახდე მშობელი: იპოვე შენი ბედნიერება,“- რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე

გინეკოლოგმა და რეპროდუქტოლოგმა არსენ გვენეტაძემ პაციენტის პრობლემის წარმატებით დაძლევაში ექიმის უდიდესი როლის შესახებ ისაუბრა:

„რატომ ვამბობ, ათჯერ რომ დავიბადო, ათივეჯერ ექიმი და რეპროდუქტოლოგი ვიქნები-თქო? მე ვამბობ, რომ სიმშვიდის ბედნიერებაა რეპროდუქტოლოგია. როდესაც კარგად უხსნი ყველაფერს, კარგად უსმენ ადამიანს, ის შინაგანად მშვიდდება და რაც უნდა რთული იყოს პრობლემა, ის უკეთესად ეგუება. შვილი ერთ-ერთი შესაძლო მიზანია ცხოვრებაში, მაგრამ შვილი ყველაფერი არ არის. ის ერთ-ერთია ამ გზაზე.

ცხოვრება, ემოცია, თუნდაც ერთი დღის არგაშვება შფოთვაში, რა იქნება ხვალ ან პესიმისტურ განწყობაში არის მნიშვნელოვანი. ერთმა პაციენტმა მითხრა, ექიმმა მითხრა, სად იყავი ამდენ ხანს? 47 წლის ასაკში რომ გათხოვდი, ადრე უნდა გათხოვილიყავი და შვილებიც გეყოლებოდაო. თქვენ ჩემთან მოდიხართ იმიტომ, რომ გაიგოთ, რა იცის მედიცინამ და თქვენამდე მე ეს მშვიდად მოვიტანო, რომ თქვენი ცხოვრების ხარისხი უკეთესი გახდეს.

მერე არის ფინალი, როდესაც ამდენი დაბადებული ბავშვის მშობლები სადღაც გხვდებიან. ერთ-ერთი პაიენტი მოვიდა, 5 თვის ფანტასტიკური გოგონა ეჭირა, მითხრა: „აქ რომ მოვდიოდით, გამახსენდა, როგორი დაძაბული ვიყავი და ახლა როგორი გამარჯვებული და ამაყი მოვედი, ბავშვი მიჭირავს და მოვედი, რომ გაჩვენოთ.“ აი, ბედნიერება, აი, სიხარული. ბედნიერებაა გახდე მშობელი: იპოვე შენი ბედნიერება,“ - მოცემულ საკითხზე არსენ გვენეტაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​ტესტის საშუალებით რამდენ ხანში შეგვიძლია, გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად და დღის რომელ მონაკვეთში გავიკეთოთ ტესტი?

​ტესტის საშუალებით რამდენ ხანში შეგვიძლია, გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად და დღის რომელ მონაკვეთში გავიკეთოთ ტესტი?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ორსულობის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

ორსულობის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტი ტარდება შარდის გამოყენებით. ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი - ქორიონული გონადოტროპინი (რომელიც ორგანიზმში მხოლოდ ორსულობის დროსაა).

არსებობს ტესტის რამდენიმე სახე. ზოგი ტესტის დროს შარდი უნდა მოათავსოთ კონტეინერში და ტესტი მოათავსოთ შარდში კონკრეტულ ნიშნულმდე რამდენიმე წამის განმავლობაში. ზოგიერთ შემთხვევაში კონტეინერიდან შარდი უნდა ამოიღოთ პიპეტის დახმარებით და დააწვეთოთ ტესტს შესაბამის ადგილას. ყველა ტესტს აქვს თანდართული გამოყენების ინსტრუქცია, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ. ტესტის სიზუსტე დაახლობით 98%-ია.

ტესტის საშუალებით რამდენ ხანში შეგვიძლია, გავიგოთ ვართ თუ არა ორსულად?

იმისთვის, რომ მიიღოთ ზუსტი პასუხი, უმჯობესია, ციკლის გადაცდენიდან 1 კვირაში ჩაიტაროთ ტესტი. თუ არ გსურთ ამდენი ხანი დაცდა, დაუცველი სქესობრივი აქტიდან მინიმუმ 2 კვირაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ტესტი. თუ ორსულად ხართ, ორგანიზმს სჭირდება გარკვეული დრო ქორიონული გონადოტროპინის მინიმალური რაოდენობის გამოსამუშავებლად. ძირითადად საჭიროა 7-დან 12 დღემდე კვერცხუჯრედის იმპლანტაციიდან (ჩანაერგვიდან, მიმაგრებიდან).

ორსულობის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტი უნდა ჩაიტაროთ თუ:

  • გადაგიცდათ მენსტრუალური ციკლი. მოსალოდნელ მენსტრუალურ დღეებში გადაცდენა წარმოადგენს ორსულობის ერთ-ერთ ადრეულ სიმპტომს.
 თუ არ აწარმოებთ ე.წ. მენსტრუალური კალენდრის აღრიცხვას, ამ შემთხვევაში ცოტა რთული იქნება ორსულობის არსებობისა და ვადის დადგენა.

    ​გარდა ამისა, მენსტრუალური ციკლის გადაცდენა შესაძლოა, გამოიწვიოს სტრესმა, დიეტამ და რაიმე სხვა გინეკოლოგიურმა მიზეზმა. ​ასევე დააკვირდით, თუ მოსალოდნელი მენსტრუალური ციკლის დაწყების დღეებში მენსტრუალური გამონადენის ფერი და რაოდენობა განსხვავებულია, შესაძლოა, მიუთითებდეს ორსულობაზე. ვინაიდან მცირე რაოდენობით ვარდისფერი, სისხლიანი ან ყავისფერი გამონადენი დამახასიათებელია კვერცხუჯრედის იმპლანტაციის (ჩანერგვის) დროს. 
თუ ორსულობის ტესტი დადებითია და გაქვთ სისხლიანი გამონადენი ან სისხლდენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
  • თუ გაქვთ ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა არეში (სპაზმური შეკუმშვა), მაგრამ მენსტრუალური ციკლი კვლავ არ დაწყებულა, ამ შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ ტესტი, რათა მოხდეს ორსულობის დროული დიაგნოსტირება.
  • სარძევე ჯირკვლების (მკერდის) ტკივილი. პროგრესული ორსულობის დროს იზრდება ესტროგენისა და პროგესტერონის დონე, რაც იწვევს შესაბამის ცვლილებებს თქვენს ორგანიზმში. შესაძლოა, თქვენი მკერდი ოდნავ გაიზარდოს და იყოს მტკივნეული, თუმცა პრემენსტრუალური სინდრომისთვისაც დამახასიათებელი მსგავსი ჩივილი, ამიტომ ყველა შემთხვევაში ორსულობაზე ვერ ვიფიქრებთ.
  • თუ თავს გრძნობთ სხვაგვარად - მკერდის გადიდებასთან და სპაზმურ ტკივილებთან ერთად ორსულობის ადრეულ ვადებზე შესაძლოა გქონდეთ:
  • გულისრევა
  • ზიზღი გარკვეული საკვების მიმართ
  • ხშირი შარდვა
  • თუ თქვენ მიერ გამოყენებულმა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებმა ვერ იმუშავა (დაგავიწყდათ ან არასწორად მიიღეთ ჩასახვის საწინაარმდეგო აბები, დაგიზიანდათ კონდომი) - ამ შემთხვევაშიც უნდა ჩაიტაროთ ორსულობის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტი. 
თუ კონტრაცეფციის ზემოთ აღნიშნული მეთოდები არაკომფორტულია, შეგიძლიათ, გამოიყენოთ საშვილსნოს შიდა კონტრაცეპტივი „სპირალი“, ან გაიაროთ კონსულტაცია გინეკოლოგთან და ერთად გადაწყვიტოთ ალტერნატიული მეთოდი თავდაცვის მიზნით.
ტესტის ჩატარება უმჯობესია დილის პირველივე შარდით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად