Baby Bag

დედები ენდობიან - შვილების მკურნალობა პედიატრის დანიშნულების გარეშე

დედები ენდობიან - შვილების მკურნალობა პედიატრის დანიშნულების გარეშე
სოციალური ქსელი... დედების ჯგუფი... ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება და სადავო საკითხები, რომელთაც გადამოწმება აუცილებლად სჭირდება! ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა განსაკუთრებით საფრთხილოა და თვითნებურმა მკურნალობამ, შესაძლოა, მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს.
​MOMSEDU.GE რჩევების არაერთ პოსტს წააწყდა და იფიქრა, კარგი იქნებოდა, დედებისთვის დაზუსტებული ინფორმაცია გაეცნო.
უპირველესად დავიწყოთ იმით, რაც განხილვად საკითხებში ხშირად გვხვდება - შეიძლება თუ არა ანტიბიოტიკის მიღება პედიატრის დანიშნულების გარეშე? აქ მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს - არავითარ შემთხვევაში!
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირდაპირ მიგვითითებს - რაციონალურად გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები ექიმის სწორი დანიშნულებითა და საჭირო ხანგრძლივობით. მისი არასწორი მიღებით ბაქტერიული შტამები უფრო მძლავრი ხდება და პრეპარატის ბრძოლისუნარიანობა მცირდება. ამასთან, ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკის გამოყენება სპობს ნაწლავურ ფლორას, სასარგებლო ბაქტერიებს, რომელებიც აუცილებელია შეწოვის პროცესებში და მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის.
ცნობისათვის, არსებობს ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, რომელთაც შესაძლოა, მსგავსი ჩივილები ჰქონდეს, იქნება ეს ცხელება, ხველა თუ სხვა სიმპტომები. ბაქტერიული ინფექციების დროს, როგორებიცაა: ფილტვების ანთება, ჰაიმორიტი, ოტიტი და სხვა, გარდაუვალია ანტიბიოტიკის მიღება, მდგომარეობას შესაბამისი კვლევების საფუძველზე აფასებს პედიატრი და წერს დანიშნულებას. ვირუსული ინფექციებისას კი, რომლებიც ხშირად სეზონურია, დაუშვებელია ანტიბიოტიკის მიღება, რადგან ორგანიზმში ამ სიმპტომების გამომწვევი ვირუსია და არა მიკრობი.

​ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლაში, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ამერიკა, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვეიცარია და საფრანგეთი უპირატესობას ჰომეოპათიურ მედიკამენტებს ანიჭებენ. წლებია, წამყვანი ქვეყნების პედიატრები მკურნალობის 60%-80%-ში ჰომეოპათიურ პრეპარატებს იყენებენ, დღეს კი მომხმარებელთა რიცხვი საქართველოშიც იზრდება.

​ჰომეოპათიური მედიკამენტი აბსოლუტურად ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული და მცენარეულ, ცხოველურ და მინერალურ კომპონენტებს შეიცავს.
რატომ ენდობიან დედები ჰომეოპათიურ მედიკამენტებს?!
მოდით, განვიხილოთ კანადისა და ამერიკის ბაზარზე ლიდერი მწარმოებლის მაგალითი - „ჰომეოკანი“ მსხვილი კანადური კომპანიაა, რომელიც 200-ზე მეტ მედიკამენტს აწარმოებს.
მნიშვნელოვანია, რომ GMP სტანდარტს აკმაყოფილებს და როგორც კანადის ჯანდაცვის ორგანიზაციის, ასევე FDI-ს მიერ ყოველწლიურად კონტროლდება. მედიკამენტებში შემავალ თითოეული კომპონენტს კი ამერიკის ჰომეოპათიური ფარმაკოპეა ამოწმებს და არეგულირებს. შესაბამისად, პედიატრიულ ხაზ Kids 0-9-ს, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების დიდი პროფილი აქვს.
KIDS 0-9 0-დან 9 წლამდე ბავშვებისთვისაა - გამოიყენება ნებისმიერი ტიპის ვირუსული ინფექციის დროს, ჩვენებების გამოვლენისთანავე. Kids 0-9 ჰომეოპათიური მედიკამენტები არ შეიცავს საღებავებს, გლუტენს, შაქარსა და თაფლს. აქვს ხილის არომატები და ტკბილია მასში არსებული დამხმარე ნივთიერება სორბიტოლის ხარჯზე. აქვს ადვილად მისაღები თხევადი ფორმულა (გადაცდენის რისკი არ არის), გარანტირებული დოზირება და უკეთ შეწოვის უნარი.
ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია Kids 0-9-ს ხველა-გაციება, სინუსი, კოლიკა, ტკივილი და ცხელება, ჰომეოკოქსინუმი და დამამშვიდებელი სიროფი. თქვენთან ერთად განვიხილავთ თითოეულ მათგანს:
Kids 0-9-ს ხველა-გაციება გამოიყენება ქვემოსასუნთქი გზების ინფექციების დროს. იგულისხმება, ბრონქიტი, ტრახეიტი, როდესაც არის ჩახლეჩილი ხმით, მშრალი, უხეში ხველა. ის აუმჯობესებს ხველის და გაციების თანმხლებ სიმპტომებს: ეხმარება ნახველის წარმოქმნაში (რადგან ამ ასაკში ბავშვებს ამოხველების რეფლექსი არ აქვთ განვითარებული, მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი ნახველის დამარბილებელი საშუალებაა და არა ამოსახველებელი, ამდენად სრულიად უსაფრთხოა) ხსნის შეშუპებას, ტკივილსა და ცხელებას.
0 დან 6 წლამდე ბავშვებში რეკომენდებულია ½ ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში, ხოლო ბავშვებში 7-დან 9 წლამდე - 1 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში. შეამცირეთ მიღება სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ ან მიიღეთ ექიმის რეკომენდაციით.

​Kids 0-9-ს სინუსი
ხელს უწყობს გაციების სიმპტომებისგან გათავისუფლებას, იქნება ეს სურდო, ცემინება, ცრემლდენა, ყელის გაღიზიანება თუ თავის ტკივილი. გამოიყენება როგორც მწვავე, ასევე გახანგრძლივებული პროცესის დროს. 1 საწვეთური (0.75 მლ) 1-დან 3-ჯერ დღეში. მწვავე ფაზაში, მწარმოებლის რეკომენდაციით, პირველი 2 დღის განმავლობაში შესაძლებელია დარტყმითი დოზების გამოყენება, 1 საწვეთური (0.75 მლ) 15 წუთის ინტერვალით ზედიზედ სამჯერ, პროცესს ვიმეორებთ შუადღეს და საღამოს, სასურველია პედიატრის რეკომენდაციით.

​Kids 0-9-ს ჰომეოკოქსინუმი
გამოიყენება გრიპის მსგავსი სიმპტომების დაწყებისას: ცხელება, შემცივნება, სურდო, ტკივილი, სისუსტე.

​მისი მიღება იმუნურ სისტემას უჯრედის დონეზე აძლიერებს და გამა-ინტერფერონის დონეს 30%-40%-ით ზრდის. ის ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას, შესაბამისად, ინფექცია მიმდინარეობს ნაკლები სიმძიმით და აქვს მოკლე გამოჯანმრთელების პერიოდი.

​საინტერესოა, რომ მასში შემავალი ცხოველური კომპონენტი - გადამფრენი იხვი ბარბარია -  თითქმის ყველა ტიპის ვირუსის ანტისხეულის მქონე.

​Kids 0-9-ს ჰომეოკოქსინუმი 0 ასაკიდან წვეთების სახით, დღეში 3-ჯერ გამოიყენება 6 საათში ერთხელ. სეზონური ვირუსების დროს კი პროფილაქტიკის მიზნით მიიღება 10 დღის განმავლობაში, დღეში ერთხელ.

​Kids 0-9-ს ტკივილი-ცხელება
ეფექტურად არეგულირებს ტემპერატურას და ხსნის ტკივილს შემდეგი მდგომარეობების დროს: ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კბილის, ღრძილების ტკივილი (ასევე კბილების ამოჭრისა და აცრების დროს), გაღიზიანება, მომატებული მგრძნობელობა, დისკომფორტი.

​მოგეხსენებათ, 38 - 38,5 გრადუსამდე სიცხის დაწევა არაა სასურველი, რადგან იმუნური სისტემისთვის მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეაქცია, როგორც ვირუსთან ბრძოლის მეთოდი (გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ეპილეფსია, ფებრილური გულყრა).
აღსანიშნავია, რომ Kids 0-9-ს ტკივილი-ცხელება არა ტემპერატურის დამწევი, არამედ მარეგულირებელი საშუალებაა, რომელიც თანმხლებ დისკომფორტს ხსნის.
გამოყენების რეკომენდაცია: 1 საწვეთური (0.75 მლ) 1-დან 3-ჯერ დღეში. შეამცირეთ მიღება სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ ან მიიღეთ ექიმის რეკომენდაციით.
Kids 0-9-ს კოლიკა ეფექტურად ხსნის გაზებით გამოწვეულ მუცლის ტკივილს, გულისრევას, მეტეორიზმს, შფოთვასა და გაღიზიანებას, აქვს აირების გამოყოფაში დახმარების უნარი. შეიცავს გვირილასა და მაგნიუმს, რომელიც ნერვიული სისტემის ფუნქციონირებაში დასამშვიდებლად გამოიყენება.
საგულისხმოა, რომ ჩვილ ბავშვთა კოლიკა ნაწლავთა სპაზმია, რომელიც მეცნიერთა მტკიცებით, სტრესის ფონზე ვითარდება. დედის მუცლიდან უცხო გარემოში მოხვედრა სტრესს იწვევს და ახალშობილებიც სხვადასხვა ხარისხით პასუხობენ მას. ამ მდროს მნიშვნელოვანია ჩვილის დამშვიდება, მოფერება, ნელთბილი აბაზანები, ვარჯიში და „თეთრი ხმაურის“ დახმარება, მანქანით სეირნობის ხმა ბავშვს მუცლად ყოფნის ხმას აგონებს.
Kids 0-9-ს კოლიკას მყისიერი ეფექტი აქვს, დღეში 3-4-ჯერ კვებებთან მიიღება. თუ ბავშვს აქვს მწვავე, უწყვეტი ტირილი, ვიყენებთ დარტყმით დოზებს 15-წუთიანი ინტერვალით, კვლავ სასურველია პედიატრის რეკომენდაცია.
რაც შეეხება Kids 0-9-ს დამამშვიდებელ სიროფს, ის ხელს უწყობს აღგზნების, ნევროზულობის, მოუსვენრობის, შფოთვის სიმპტომების შემცირებასა და შემსუბუქებას. 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში საჭიროა ½ ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში. 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში კი მიიღება 1 ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.
და ბოლოს, აღსანიშნავია ჰომეოპათიური მედიკამენტების ფარმაკოეკონომიკურობა, პრეპარატებს საშუალოდ გახსნიდან 5 წლის განმავლობაში აქვს ვარგისიანობის ვადა და შეგიძლიათ, სიტუაციურად, საჭიროებისამებრ გამოიყენოთ.

დედები ენდობიან - შენ რას ფიქრობ ჰომეოპათიურ მედიკამენტებზე?

R.​

შეიძლება დაინტერესდეთ

შესაძლებელია თუ არა ვირუსულ პერიოდში იმუნიტეტის გაძლიერება საკვებით ან მედიკამენტებით?

შესაძლებელია თუ არა ვირუსულ პერიოდში იმუნიტეტის გაძლიერება საკვებით ან მედიკამენტებით?

შესაძლებელია თუ არა ვირუსულ პერიოდში იმუნიტეტის გაძლიერება საკვებით ან მედიკამენტებით? - ამ თემებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი ნანა საპანაძე.

ნანა საპანაძე: „ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად რესპირატორული ვირუსებით ინფიცირების შემთხვევები სულ უფრო მატულობს. გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე აქტიურდება ვირუსები, რომლებიც უმეტესად სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანებასა და მწვავე რესპირატორულ ინფექციებს იწვევს.

რამოდენიმე სიტყვით შევეხები უშუალოდ ამ ინფექციების გავრცელებას. რესპირატორული ვირუსები უმეტესად ჰაერწვეთოვანი გზით დაინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის დროს გადადის, მაგრამ იგი ასევე ფომიტების - დაბინძურებული წიგნების, სათამაშოების და სხვა საგნების საშუალებითაც გადაეცემა. მაგალითად, თუ ვირუსის მქონე ბავშვი დაახველებს, დააცემინებს და შემდეგ დაბინძურებული ხელით შეეხება ამ საგნებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსული ინფექცია არ წარმოიქმნება ცივი ჰაერით ან ორპირში. ბავშვებს ვირუსი გადაედებათ ოჯახის წევრებისგან, მომვლელებისგან ან მეგობრებისგან, ვისთანაც აქვთ მჭიდრო კონტაქტი. ბავშვები, რომლებიც დადიან ბაღში, ჰყავთ და ან ძმა უფრო ხშირად ავადდებიან. მათი გავრცელება მარტივი ხდება ცივ სეზონზე, რადგან დახურულ სივრცეში მეტ დროს ვატარებთ და ნაკლებად ნიავდება შენობები. ამასთან ერთად, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ხდება ორგანიზმის გადაციება, რაც დაინფიცირების რისკებსაც ზრდის”.

- ვირუსების პერიოდში რა უნდა შევთავაზოთ ბავშვებს იმუნიტეტის გაძლიერებისთვის?

- ვირუსების გავრცელების პერიოდში მშობლებს სურთ, გაუძლიერონ ბავშვს იმუნიტეტი, რათა პატარამ თავიდან აიცილოს ან ადვილად გადაიტანოს ვირუსული ინფექცია და მიმართავენ სხვადასხვა გზას. ზოგი მშობელი ე.წ ბუნებრივ საშუალებებს – ბოსტნეულის წვენებს მიაწერს ჯადოსნურ თვისებებს, ზოგი ბალახების ნაყენს, ხოლო ზოგიერთ მშობელს უებარ საშუალებად მედიკამენტოზური გზა, ვიტამინების მიღება მიაჩნია.

სინამდვილეში, იმუნიტეტის გაძლიერების იდეა არც თუ ისე მარტივი განსახორციელებელია. იმუნურ სისტემაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ზოგიერთი მათგანის შესახებ უკვე არსებობს სარწმუნო მონაცემები, ბევრი რამ კი ჯერაც შესწავლის საგანია, მაგალითად, ასაკი. ზოგადად, ასაკთან ერთად იცვლება იმუნური სისტემის მუშაობის ტემპი და ეფექტურობა. ბავშვებს, როგორც სხვა დანარჩენი, იმუნური სისტემაც უმწიფარი აქვთ, ამიტომ ემართებათ ინფექციური დაავადებები დიდებზე ხშირად. თავადაც შეამჩნევდით – ზრდასთან ერთად ეს დაავადებები უფრო და უფრო იშვიათდება, რაც იმუნიტეტის მომწიფების, სრულყოფის ნიშანია.

გარდა ამისა, არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები იმის შესახებ, კერძოდ, რა და როგორ აძლიერებს იმუნიტეტს. გრძელდება კვლევები, რომლებიც იმუნურ სისტემაზე საკვების, ვარჯიშის, სტრესისა თუ სხვა ფაქტორების გავლენას სწავლობს.

არ არსებობს კვლევა ან რომელიმე ავტორიტეტული წყარო, რომელიც დაგვიმოწმებდა, რომ კონკრეტულად რომელიმე სახეობის ბოსტნეული აძლიერებს იმუნიტეტს. მეორე მხრივ, ადამიანებს, რომლებიც საკვების დეფიციტს განიცდიან, ინფექციური დაავადებებისადმი უფრო ძლიერი მიდრეკილება აქვთ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ თუთიის, რკინის, ფოლიუმის მჟავის A, B6, C , E ვიტამინები – ცვლის მათში იმუნურ პასუხს. ამ მიმართულებით კვლევები კვლავაც გრძელდება. თუმცა ყველა თანხმდება, რომ ჯანსაღი კვება აუცილებელია.

- შესაძლებელია თუ არა ვიტამინების მიღება პედიატრის ჩართულობის გარეშე?

- ზოგადად ვიტამინების, ისევე როგორც ნებისმიერი წამლის დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა.

ვიტამინები, მართლაც, სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებებს წარმოადგენს. დღეისათვის 20 - მდე ვიტამინია შესწავლილი. გაციებისა და გრიპის დროს ბევრი C ვიტამინს მიმართავს. სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის C ვიტამინის დიდი დოზების გამოყენება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გახდა პოპულარული, მას შემდეგ, რაც ნობელის პრემიის ლაურეატმა ლაინუს კარლ პოლინგმა ნაშრომი ,,C ვიტამინი და გაციება” გამოსცა. ბოლო ხანს უამრავი მაღალი ხარისხის სამედიცინო კვლევა ჩატარდა, მაგრამ გაციებაზე C ვიტამინის გავლენა ვერც ერთმა მათგანმა ვერ დაადასტურა. გვირჩევენ, რომ მეტიც – C ვიტამინის ჭარბი დოზა შესაძლოა შარდთან ერთად გამოკრისტალდეს და საშარდე სისტემის მხრივ გართულებები გამოიწვიოს. ამიტომაც, თანამედროვე გაიდლაინებით ამ მიზნით მის გამოყენებას არ გვირჩევენ. სამაგიეროდ, უსაფრთხო და ეფექტურია C ვიტამინის შემცველი საკვები, რომელიც თამამად შეგვიძლია ბავშვის მენიუში ჩავრთოთ. ძალიან კარგია თუთიის შემცველი საკვებიც - ნებისმიერი ხორცი, გარდა ღორის ხორცისა; ისპანახი, მაწონი, კაკაო, გოგრის თესლი.

ვიტამინები ფარმაცევტულ ბაზარზე სხვადასხვა ფორმით იყიდება. გაითვალისწინეთ, რომ მონოვიტამინები სამკურნალო მიზნით არის შექმნილი, პოლივიტამინები კი ძირითადად მათი დეფიციტის პროფილაქტიკისთვის ინიშნება. თუ პოლივიტამინის ინსტრუქციაში მითითებულ ასაკობრივ დოზას არ გადააჭარბებთ, ჰიპერვიტამინოზის საფრთხე ძალიან მცირეა, მაგრამ გახსოვდეთ ისიც, რომ ისინი მხოლოდ ნატურალური ვიტამინების ასლებს წარმოადგენენ და აგებულებით მათგან განსხვავდებიან. მათი უკონტროლო მიღება ორგანიზმში დისბალანსს იწვევს. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად