Baby Bag

ბავშვი აუცილებლად სიყვარულის ფონზე უნდა დაისაჯოს

ბავშვის დასჯა - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი საუბრობს. 

​როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვის დასჯა უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში:

„ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის დასჯა შეიძლება. თუმცა ეს უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევაში. ბავშვის დასჯა იმ დროს, როცა ჩვენ თვითონ შინაგანად გაცოფებულები ვართ  და ბავშვის მიმართ აგრესია გვაქვს, არ შეიძლება. საუკეთესო დასჯის ფორმა მშობლებმა უნდა მოიფიქრონ, ანუ რა სიტუაციაში როგორ უნდა დაისაჯოს ბავშვი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საღი გონებით. ბავშვი უნდა დავსაჯოთ სიყვარულის ფონზე. ჯერ ვუხსნით ბავშვს, რომ ძალიან გვიყვარს, მაგრამ იმ ფონზე, რაც მოხდა, უნდა გამოვიყენოთ დასჯის ქმედებები. მას შემდეგ, რაც ამ დასჯის ქმედებებს გამოვიყენებთ, ბავშვს კიდევ ერთხელ უნდა ავუხნათ, რომ გვიყვარს...“ - აღნიშნავს პაატა ამონაშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის ცემა მშობლის დიდი ტრაგედიაა... ადამიანს, რომელიც ხელს აწევს თავისზე სუსტზე, თვითონ სჭირდება დახმარება,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ბავშვის ცემა მშობლის დიდი ტრაგედიაა... ადამიანს, რომელიც ხელს აწევს თავისზე სუსტზე, თვითონ სჭირდება დახმარება,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის ფიზიკური დასჯის დამაზიანებელ შედეგებზე ისაუბრა:

„ბავშვის ცემა მშობლის დიდი ტრაგედიაა. ადამიანი, რომელიც ხელს აწევს უსუსურზე, თავისზე ბევრად პატარაზე, სუსტზე, ე.ი. რა დღეშია მისი ფსიქიკა და ნერვული სისტემა და როგორ სჭირდება მას თვითონ დახმარება. ძალიან ბევრ მშობელს მერე დანაშაულის განცდა აქვს. ამით არავინ არ ტრაბახობს, რომ „რა კარგია, ვცემე.“ მერე განიცდის, შეიძლება იტიროს კიდეც, მაგრამ ამით არაფერი აღარ სწორდება, იმიტომ, რომ ამით მე მას დავასწავლე აგრესიული პასუხი. ზოგი ამბობს, რომ მე თუ არ ვასწავლი, სხვასთან ექნება იგივე პრობლემა. არ არის ასე. სახლში ლაღად გაზრდილი ადამიანი, ბევრად უფრო ადვილად უმკლავდება გარე პრობლემებს, ვიდრე ის, ვისაც ჩაგრავენ. მშობლის შიშს, სჯობს რიდი, რომ არ აწყენინო.  ამიტომ არის კარგი „მე“ ფორმის გამოყენება. „მე მეწყინა, გული მეტკინა.“ „შენ“ ფორმა არის იარლიყის მიკერება. რასაც ვაბრალებთ ბავშვს, რასაც ვარქმევთ, იმას შეგვისრულებს მერე. 

ბავშვებს არ ესმით სიტყვა: „რატომ?“ ეს არც ჩვენ არ გვესმის. ის მოითხოვს პასუხს, „იმიტომ.“ აგრესია გიჩნდება კითხვაზე „რატომ?“ ძალიან კარგი კითხვაა: „რისთვის?“ რისთვის აკეთებ ამას, რა გინდა, რა შედეგი გინდა. ძალადობით შეიძლება ადამიანებს, დედა-შვილს შორს ისეთი უფსკრული გაჩნდეს იმის გამო, რომ ვერ ახერხებ ადამიანურ ენაზე კომუნიკაციას. ბავშვი რომ ცუდად იქცევა, მან ძალიან კარგად იცის, რომ ცუდად მოიქცა. არსებობს მარტივი შეთანხმება ბავშვებთან. ფრანგებს აქვთ ასეთი, ბაღში წითელ ხაზს გააკეთებენ, არავინ არ გადადის იმ წითელი ხაზის იქით. არავინ არ სვამს კითხვას: „რატომ?“ არც მე გადავდივარ, არც შენ. ასე ბავშვი სწავლობს რაღაცების არგადაკვეთას. ჩვენ შევთანხმდებით: „ამ გადაკვეთის შემთხვევაში, შენ ამ მულტფილმს არ ნახავ.“ ბავშვი იმდენად სამართლიანია, რომ შეთანხმების დარღვევის დროს, თვითონ შეიძლება გითხრას, რომ არ ნახავს ამ მულტფილმს,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად