Baby Bag

„ძალიან ცუდი ფრაზაა „ბედი არ მქონია, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა...“ ეს არის წაგების წინაპირობა,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ თვითშეფასების ამაღლების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანმა ყველაფერი ბედს არ უნდა მიანდოს და გააცნობიეროს, რომ მისი ცხოვრება მისი არჩევანია:

„ვირჩევ სათაურს და იმ სათაურის ქვეშ ხდება ფაქტების შემოყრა. თუ ავირჩიე, რომ „ლუზერი“ ვარ, ყველა ის ფაქტი, რომელიც ამას ესადაგება, შემოვა ამ სათაურის ქვეშ. ეს გვიდასტურებს იმას, რომ „აი, ხომ ვამბობდი!“ ალბათ, ყველამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ძალიან ცუდი ფრაზაა „ბედი არ მქონია, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა.“ ეს არის წაგების წინაპირობა. არავითარი ბედი! ეს არის ჩემი არჩევანი, რა თქმა უნდა, შემთხვევითობაც ზოგჯერ.

მეორე მხარე არის ის, რომ უბრალოდ ფაქტებს ვაკვირდები და სათაურს ვარქმევ. როგორ ვაკვირდები ამ ფაქტებს და რა კანონზომიერებებს აღმოვაჩენ, ეს არის მნიშვნელოვანი, ჩარჩო რომ შევცვალოთ, ახალი სათაურები შევარჩიოთ მის ქვეშ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ღირსება არ აქვს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც კარგად არ გამოსვლია. მსგავსი ფაქტების შეგროვებით შესაძლებელია ჩარჩო შეიცვალოს ნებისმიერ თემაზე, რაზეც მას აქვს მწუხარება საკუთარ თავთან მიმართებაში.

ადამიანი არის პროცესი. მისი ცხოვრება პროცესია. ამ პროცესში მას შეუძლია დაანგრიოს, ააშენოს საკუთარი თავი, მიიღოს ახალი ვერსია. მას შეუძლია გენეტიკის შეცვლაც კი. მეცნიერებმა უკვე დაადასტურეს, რომ ფიქრი ცვლის დნმ-ს. ფსიქიკა განკარგავს ჩვენს ფიზიკას. დაავადებებიც კი არის ჩვენი აზროვნების წესის, ცხოვრების წესის პროდუქტი და შედეგი,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამასობაში ძალიან დაცხა და მინდა შემოგთავაზოთ შოკოლადის ნაყინის რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება,“- ნუცა სურგულაძე

„ამასობაში ძალიან დაცხა და მინდა შემოგთავაზოთ შოკოლადის ნაყინის რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება,“- ნუცა სურგულაძე

ნუცა სურგულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მაყურებელს შავი შოკოლადით მომზადებული ნაყინის რეცეპტი გააცნო:

„ამასობაში ძალიან დაცხა და მინდა შემოგთავაზოთ შოკოლადის ნაყინის რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება. რა არის იმაზე იდეალური, როდესაც სახლის პირობებში შეგვიძლია ჩვენი უსაყვარლესი დესერტის მომზადება. ინგრედიენტები, რომლებიც დაგვჭირდება: კვერცხის გული, შაქარი, რძე, ნაღები, შოკოლადი და ხილი გემოვნებით მოსართავად. რძე ჩავასხათ ქვაბში. რძე უნდა იყოს ერთ ლიტრამდე. დავდგათ გაზქურაზე. შევურიოთ შოკოლადი მთლიანად, რათა შიგნით ჩადნეს. შოკოლადი უნდა იყოს დაახლოებით 400 გრამი. კვერცხის გული დაგვჭირდება 5 ცალი. კვერცხის გულებს შევურიოთ შაქარი. შაქარი შეგიძლიათ გემოვნებით დაამატოთ. კვერცხის გულები შაქართან ერთად ავთქვიფოთ. ასევე დაგვჭირდება 35%-იანი ნაღები, დაახლოებით 200 გრამი. ნაღებს ვამატებთ კვერცხის გულისა და შაქრის მასას. როდესაც რძე შოკოლადში ჩადნება, ყველაფერს ერთმანეთში ვურევთ.

მიღებული მასა გაციების შემდეგ უნდა მოვათავსოთ წინასწარ გაყინულ ნაყინის აპარატში და 20 წუთში მზად გვექნება უგემრიელესი ნაყინი. დავასერვიროთ ნაყინი და დავამატოთ სასურველი ხილი,“- აღნიშნა ნუცა სურგულაძემ.

წყარო: „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად