Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა შეიძლება იყოს ბავშვის ჩაკეტილობის მიზეზი და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ამ მდგომარეობამ?

რა შეიძლება იყოს ბავშვის ჩაკეტილობის მიზეზი და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ამ მდგომარეობამ?

რა შეიძლება იყოს ბავშვის ჩაკეტილობის მიზეზი და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ამ მდგომარეობამ? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფაცაცია.

- როდესაც ბავშვი ჩაკეტილია და არ აზიარებს ემოციებს, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- მიზეზი თუ რატომ არის ბავშვი ან მოზარდი ჩაკეტილი, შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორის: გადატანილი ტრავმა, ძლიერი შიში, ძალადობა, სტრესი, ასაკობრივი თავისებურებები, გარდატეხის-ბუპერტატის პერიოდი, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთლეები და.ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების დროული ყურადღება ამ ფაქტორებზე და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა

- სად გადის ზღვარი მორცხვობასა და ჩაკეტილობას შორის? როგორ უნდა მივხვდეთ რომ ბავშვი ჩაკეტილია?

- სიმორცხვე საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში. ის განპირობებულია სოციალური ფაქტორით, ვინაიდან თავს იჩენს იქ, სადაც ორი ან მეტი ადამიანი იწყებს ურთიერთობას. ასეთ დროს, სირთულე ექმნება ინტერპერსონალურ ურთიერთობებს.

სიმორცხვე არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, დიდი ყურადღება ეთმობა იმას, თუ რას ფიქრობენ გარშემომყოფები მასზე, ადამიანი ხდება ზედმეტად მგრძნობიარე იმის მიმართ თუ როგორ და რა შეფასებით მიიღებენ მას გარშემომყოფები.

სიმორცხვის დამახასიათებელი ნიშნებია: არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება, შებოჭილობა, დაბალი ხმის ტემბრით საუბარი, ჩაკეტილობა, საუბრის დაწყების შიში, მოუხერხებლობა, თვალით კონტაქტის დამყარების სიმრთულე და .ა.შ. თამაშის დროს ბავშვები ირჩევენ მეორეხარისხოვან როლს, რათა ნაკლებად შესამჩნევები იყვნენ, არ გამოირჩევიან ინიციატივით, არ უყვართ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. სიმორცხვის დროს, ადამიანები მწვავედ აღიქვამენ საკუთარ ნაკლს და ყურადღების მიღმა რჩებათ თავიანთი დადებით თვისებები და ძლიერი მხარეები. ასევე, სიმორცხვეს ახასიათებს სომატური გამოვლინებები, სახეზე სიწითლე, ხმის კანკალი, სუნთქვის აჩქარება, რის გამოც უფრო მეტად განიცდიან საკუთარ ვიზუალურ მდგომარეობას.

ბავშვები ადრეულ ასაკში ხშირად განიცდიან სიმორცხვეს, 13 წლის ასაკში კი ეს მდგომარეობა პიკს აღწევს. როგორც წესი, დროთა განმავლობაში ასაკის მატებასთან ერთად და უფროსების სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში, ბავშვი ახერხებს სიმორცხვის დაძლევას. მნიშვნელოვანია მშობლების და სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლების მიერ აქცენტის გაკეთება მათ ძლიერ მხარეებზე, მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვისთვის „მორცხვის“ იარლიყის მიკერება, აუცილებელია ზრუნვა მოზარდის თვითშეფასების ამაღლებაზე, რათა განუმტკიცდეს საკუთარი ძალების რწმენა - „შენ შეძლებ და გამოგივა“, „აქ არაფერია საშიში“, „ კარგად ხარ მომზადებული,“ და.ა.შ.

თუ ბავშვის ან მოზარდის ქცევა უეცრად იცვლება და ის ხდება ჩაკეტილი, არ აქვს სურვილი თანატოლებთან ურთიერთობის, საკუთარი ემოციის გაზიარების, არის ოთახში ჩაკეტილი და არ კონტაქტობს ისე, როგორ ადრე, მნიშვნელოვანია მშობლების მხრიდან ყურადღება, ვინაიდან არ მოხდეს უგულებელყოფა ძალადობის ან ბულინგის ფაქტების, ასევე, ასაკობრივი თავისებურებებით გამოწვეული ცვლილებების, მნიშვნელოვანია დროული რეაგირება და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ჩართულობა, რათა დროულად მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი ინტერვენციის განხორციელება.

- რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ამ მდგომარეობამ?

- სიმორცხვემ შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა, სირთულეები ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, სოციალური შფოთა, დეპრესია, რაც შემდგომში აისახება წარმატების და თვითრეალიზების სიძნელეებთან, ჩაკეტილობა და ა.შ.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი და რა დროს არის საჭირო ფსიქოლოგის დახმარება?

- ნებისმიერ დროს, როცა ბავშვის ან მოზარდის ქცევა უეცრად იცვლება, ხდება უცნაური ან შეუსაბამო, აუცილებელია მშობელმა გაიაროს კონსულტაცია სპეციალისტთან პრობლემის დროული იდენტიფიკაციისთვის და სირთლეების თავიდან არიდებისთვის.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად