Baby Bag

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა
უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.

პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას. 

„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.

საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.

აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.

შეიძლება დაინტერესდეთ

4 აკრძალული პროდუქტი წლამდე ასაკის ბავშვისთვის

4  აკრძალული პროდუქტი წლამდე ასაკის ბავშვისთვის

წლამდე ასაკის ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა სრულფასოვნად ჩამოყალიბებული არ არის. არსებობს გარკვეული საკვები პროდუქტები, რომელთა გადამუშავება წლამდე ასაკის ბავშვის კუჭ-ნაწლავს არ შეუძლია. ჩვენს სტატიაში 4 ასეთ პროდუქტს გაგაცნობთ.

1. თაფლი

წლამდე ასაკის ბავშვისთვის თაფლის მირთმევა არ შეიძლება, რადგან ეს ჩვილებში ბოტულიზმის განვითარების რისკებს ზრდის, რაც კვლევებითაც დადასტურებულია. ჩვილის ორგანიზმი ამ პრუდუქტს სათანადოდ ვერ გადაამუშავებს, რამაც შესაძლოა ორგანიზმში პათოგენური ბაქტერიების მოგროვებას შეუწყოს ხელი. ზრდასრულებისთვის თაფლი ამ მხრივ რისკს არ წარმოადგენს, თუმცა წლამდე ასაკში ის საშიშ პროდუქტად მიიჩნევა.

2. თხილეული

თხილეული მცირეწლოვანი ბავშვისთვის ადეკვატური პროდუქტი არ არის. მისი ფორმისა და ზომის გამო ის დახრჩობის რისკს ზრდის. კვების რაციონში თხილეულის ნაადრევად შეტანა ზრდის ალერგიებისა და აუტოიმუნური დაავადებების განვითარების რისკებს.

3. ძროხის რძე

ძროხის რძე ხარისხიანი საკვები პროდუქტია, რომელსაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, თუმცა ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს მისი მიღება რეკომენდებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ დედას რძე არ აქვს, ბავშვი სპეციალური ფორმულით უნდა გამოკვებოს, რომლის მონელება ჩვილის ორგანიზმს არ გაუჭირდება.

4. შაქარი

წლამდე ასაკის ბავშვის რაციონში შაქრის ჩართვისგან თავი შეიკავეთ! შაქარმა, შესაძლოა, მეტაბოლური პათოლოგიები და პანკრეასის ზედმეტი გადატვირთვა გამოიწვიოს. შაქარი ბავშვის გემოვნების აღქმასაც ცვლის, რამაც, შესაძლოა, სამომავლოდ მის კვებით ჩვევებზე გავლენა მოახდინოს.

როგორც ხედავთ, წლამდე ასაკის ჩვილებისთვის არსებობს აკრძალული საკვები პროდუქტები, რომელიც მათ რაციონში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიზრდება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების განვითარების რისკი, უმჯობესია ამ დროს უპირატესობა მიანიჭოთ ძუძუთი კვებას და ეტაპობრივად შემოიტანოთ დამატებითი კვება.

წყარო: ​youaremom.com

წაიკითხეთ სრულად