უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„ის სათამაშო, რომელშიც არის სამკუთხედში მოთავსებული ეს რიცხვები, ბავშვისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს,“ - ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე
ტოქსიკოლოგმა ეკა ქურდაძემ პლასტმასის შემცველობაში შემავალი საშიში ნივთიერების ფტალატის შესახებ ისაუბრა და მშობლებს აუხსნა, როგორი ტიპის პლასტმასის სათამაშოებს მიანიჭონ უპირატესობა:
„ფტალატი არის პლასტმასის შემცველობაში მისი ფორმის გაუმჯობესების მიზნით, სირბილისა და მოქნილობისთვის. სამწუხაროა, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ საცურაო აუზებშიც კი მისი შემცველობა საკმაოდ მაღალია. პლასტმასს სპეციალური ნიშნულები აქვს, რომელი ექვემდებარება განსაკუთრებულ რისკს და რომელია შედარებით უსაფრთხო. სპეციალური სამკუთხედებია, რომელშიც არის ნიშნულები. 2, 4 და 5 უსაფრთხოა, 3, 6, 7 განსაკუთრებით ტოქსიკურია. პროდუქტი რომელშიც 1 წერია, უსაფრთხოდ ითვლება, თუ მას არ გავაცხელებთ, ხანგრძლივად არ გამოვიყენებთ. სათამაშო, რომელსაც ხანგრძლივად იყენებთ, აუცილებლად უნდა გასუფთავდეს. ბაქტერიების მიმღებლობა მას საკმაოდ მაღალი აქვს. ეს განსაკუთრებით ეხება 1 ნიშნულის მქონე პლასტმასს. ხანგრძლივად არ უნდა გამოვიყენოთ ასეთი პლასტმასი და ის არ ექვემდებარება მეორად გადამუშავებას.“
„2,4, 5 ნიშნულის მქონე პლასტმასი უსაფრთხოა. ის სათამაშო, რომელშიც არის ეს ნიშანი, სამკუთხედში მოთავსებული ეს რიცხვები, 3, 6, 7, არ არის სასურველი ჩვენთვის და განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. უფრო პრობლემას წარმოადგენს ჩვენთვის ხანგრძლივი გამოყენების ნივთები, როდესაც ისერება და იკაწრება. მსგავსი პლასტმასი საშიშია ჩვენი ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე. სამწუხაროდ, ფტალატი გადის კანცეროგენებშიც,“- აღნიშნულ საკითხზე ეკა ქურდაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.