უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე
ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:
„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.
მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.
ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.