,,ეს დღეებია, რამდენ სიკვდილს შევეჩეხეთ და არაერთი ახალგაზრდისას. მერე იყო მიშვერილი კამერები და თვალებდაუფსკრულებული ქალების მიწას დაბჯენილი მზერა. და კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე: შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს გახდება ადამიანი ადამიანზე მეტი. ვერასდროს მიიღებს, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ "ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა".
შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა.''
ავტორი: გიორგი კეკელიძე
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მე თავისუფალი მასწავლებელი ვარ. ღმერთის გარდა, „უფროსი“ არ მყავს“
ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს. MomsEdu.ge გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„მე თავისუფალი მასწავლებელი ვარ. ღმერთის გარდა, „უფროსი“ არ მყავს. პატივს მივაგებ იმათ, ვინც ოდესმე მაღალ ფიქრსა და ქცევას გამოხატავდა ან გამოხატავს. ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ჩემთვის არის: სიყვარული, ღირსება, მსახურება და თავისუფლება. ოთხივე ერთად ჩემი რწმენის ურყევი საფუძველია. არასდროს ვიღლები ცხოვრებით, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც სიამოვნებას მანიჭებს: ვკითხულობ, ვწერ, ვასწავლი ან ვცდილობ ადამიანის მიმართ სიყვარული და ზრუნვა გამოვხატო. ეს ბოლო ჩემი საყვარელი საქმიანობაა - ძალიან მიხარია, როდესაც ის იღიმება, ვინც მიყვარს. დრო მთლიანია. სხვაგვარად ის არ არსებობს. სამყაროს დაბადების პირველი წამიდან ბოლო წამამდე ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება და გამოხატავს. არავინ და არაფერია უერთმანეთო აზრით სავსე. მთავარი, რაც ბავშვებს (და „დაგვიანებულ“ დიდებსაც) უნდა ვასწავლოთ, სწორედ ეს არის - მისი გაცნობიერების გარეშე კაცის მთავარი პასუხისმგებლობა ვერ დაიბადება. ეს ადამიანად ყოფნის პასუხისმგებლობაა. სიბრძნე მარტივია და „სირთულეები“ არ სჭირდება. ასწავლე, რომ ისწავლო. ასწავლე, რომ სცადოს, სამყარო უკეთესი გახადოს. ასწავლე, რომ ყოველდღე განვითარდეს. ასწავლე, რომ უყვარდეს და სულ გრძნობდეს პასუხისმგებლობას. ასწავლე, რომ არ არის საკმარისი, აღიაროს სიკეთე და პატივი მიაგოს მას - უნდა დაიცვას კიდეც. ასწავლე, რომ საზრისის გარეშე სიცოცხლე არაფერია და ვერ გარდაიქმნება ცხოვრებად. ასწავლე, რომ ზნეობას პაუზა და გამონაკლისები არ უხდება. დღეს 2021 წლის 9 ივლისია და რაც აქ წერია, ყველაფერი მართალია.“