Baby Bag

რა დადებითი მხარები აქვს წყალში მშობიარობას და შესაძლებელია თუ არა შეიცავდეს რაიმე რისკს?

რა დადებითი მხარები აქვს წყალში მშობიარობას და შესაძლებელია თუ არა შეიცავდეს რაიმე რისკს?

წყალში მშობიარობა მშობიარობის ერთ-ერთი ალტერნატიული მეთოდია, რომელიც რაც დრო გადის, უფრო პოპულარული ხდება. რა დადებითი მხარები აქვს წყალში მშობიარობას და შესაძლებელია თუ არა შეიცავდეს რაიმე რისკს? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა მეან-გინეკოლოგი ნინი მამისეიშვილი.

„წყალში მშობიარობის პირველი აღწერილი შემთხვევა გამოქვეყნდა 1805 წელს, ფრანგულ სამედიცინო ჟურნალში. 1977 წელს საფრანგეთის ერთ-ერთ სამშობიაროში, პროფესორმა ოდენტმა ქალებს შესთავაზა მშობიარობის პირველი პერიოდის გატარება წყალში (ტკივილის შემსუბუქების მიზნით). 1999 წელს BMJ-ში გამოქვეყნდა გილბერტისა და ტუკის კვლევა, რომელიც წყალში მშობიარობის პრაკტიკის საწყისი გახდა“.
- რა დადებითი მხარეები აქვს წყალში მშობიარობას?
- სხეულის ტემპერატურის წყალი (36.6 С) კუნთებისთვის სპაზმოლიტიკის როლს ასრულებს, რითიც ამსუბუქებს საერთო ტკივილებს და ორგანიზმს მოდუნებაში ეხმარება, აგრეთვე იდეალური გარემოა ახალშობილისთვის, რომელიც დაბადების დროს იმავე გარემოში ხვდება და ტემპერატურულ სხვაობას ვერ აღიქვამს.
ამ მეთოდის გამოყენების დროს მინიმუმამდეა დაყვანილი ქალის სამშობიარო გზების ტრავმირების რისკი და ნაკლებია სისხლის დანაკარგი.
- შესაძლებელია თუ არა რაიმე რისკს შეიცავდეს ?
- წყალში მშობიარობა ზუსტად იმავე სირთულეებს შეიცავს, რასაც ფიზიოლოგიური მშობიარობა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ წყალში მშობიარობა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის შემთხვევაში, გესტაცია უნდა იყოს 37 0/7-41 6/7 კვირა, უნდა იყოს ერთნაყოფიანი ორსულობა და სპონტანური მშობიარობა.
- რა შემთხვევაში უნდა ვთქვათ უარი წყალში მშობიარობაზე?
- წყალში მშობიარობა არ არის რეკომენდებული თუ მშობიარობის დროს გვაქვს ჭარბი სისხლიანი გამონადენი, მეკონიუმ ნარევი სანაყოფე სითხე, როცა გვაქვს ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა, დედის ცხელება, აქტიური გენიტალური ჰერპესი, სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა, სამშობიარო მოქმედების აღძვრა.
- რას ურჩევდით მომავალ მშობლებს, რა უნდა გაითვალისწინონ?
როდესაც ორსული ქალბატონი მოდის სამშობიაროდ, ფსიქოლოგიურად უნდა იყოს მომზადებული. ფიზიოლოგიური მშობიარობის შესახებ ყველა დეტალის უნდა გაიაროს პირად ექიმთან. 
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას აბორტს აკრძალულ ვადებში აკეთებენ

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას აბორტს აკრძალულ ვადებში აკეთებენ 

წაიკითხეთ სრულად