Baby Bag

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

205-ე საჯარო საბავშვო ბაღის დირექტორმა ია პატეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

„ჩემი შვილები როცა პატარები იყვნენ, არასდროს არ მავიწყდება, როგორ მოვიწყვიტე გულიდან ატირებული ბავშვი, იქიდან მოყოლებული სულ ვღელავ, როდესაც ბავშვი ბაღში ატირებული მოდის. 

ჩემმა დაკვირვებამ ცხადყო რეგულაციებამდე რა განაპირობებდა ბავშვის ტირილს, ბაღში მიყვანის შემდეგ. ზოგიერთი მშობელი შემოდიოდა ბავშვთან ერთად და ჯდებოდა ჯგუფში, ჩვენ კი არ გვქონდა უფლება, მიგვეთითებინა, რომ არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც აიკრძალა მშობლების შიდა სივრცეში შემოსვლა, უკეთეს მდგომარეობაში არიან, არა მარტო მათი შვილები, არამედ სხვა ბავშვებიც, ანუ ისინი ადაპტირდებიან სოციუმში ძალიან მალე. პატარები თვლიდნენ, რომ იტირებდნენ მანამ სანამ დედამისი იქნებოდა მათთან. ბავშვები, რომლებიც დედის გარეშე რჩებოდნენ და უყურებდნენ სხვას მშობელი ჰყავდა, ისინიც იწყებდნენ ტირილს“.

მისი თქმით, სანამ დედა და მამა ბავშვს ბაღში მიიყვანენ, უნდა ესაუბრონ, უთხრან, რომ იქ რომ მივა ძალიან კარგი გარემო და ბევრი ბავშვი დახვდება, რომლებიც მისი მეგობრები გახდებიან, პედაგოგები კი მისი დიდი მეგობრები იქნებიან:

,,რა თქმა უნდა, იქ უნდა დახვდნენ ძალიან კარგი აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ დააკლებენ ბავშვს და ყველა პირობას შეუქმნიან, რათა ბავშვი მარტივად ადაპტირდეს,'' - აღნიშნა ია პატეიშვილმა. 

წყარო: ,,სხვა შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი პროდუქტები აყალიბებს ბავშვობიდან ინტელექტსა და აზროვნებას?

რომელი პროდუქტები აყალიბებს ბავშვობიდან ინტელექტსა და აზროვნებას?

რომელი პროდუქტები აყალიბებს ბავშვობიდან ინტელექტსა და აზროვნებას და რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ მოზარდის კვების რაციონის დაგეგმარებისას? - აღნიშნულ საკითხებზე პედიატრმა, ნუტრიციოლოგმა ნინო თოთაძემ ,,დილა მშვიდობისა საქართველოს'' ეთერში ისაუბრა. 

,,როცა ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვის განვითარებაზე, განსაკუთრებით, ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე, აქ მიდის კოგნიტური, სენსორული, ემოციური განვითარება ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ტვინის განვითარება, რომელიც 6 თვის ასაკში (თუ მოზრდილ ადამიანს შევადარებთ) არის 30%, 3 წლის ასაკში - 80%, 5 წლის ასაკში - 90%. ძალიან ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ ნახსენებ ასაკობრივ კატეგორიაში, განსაკუთრებით, 0-3 წლის ჩათვლით, 2.5-ჯერ უფრო აქტიურია ბავშვის ტვინი, ვიდრე მოზრდილის, შესაბამისად, გააქტიურებულია მათი აღქმის, შესწავლის უნარი და ა.შ. ამიტომ, სჭირდება სწორი ჩარევა ამ პერიოდში.

პირველ რიგში, განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკა, რომელსაც გარემო ფაქტორებთან ერთად სჭირდება ადაპტირება და ხელშეწყობა, მისი სწორი გამოვლენის კუთხით. მეორე, ასევე მნიშვნელოვანია ოჯახიდან გაგზავნილი სითბო და სიყვარული და მესამე, საკვები. რა თქმა უნდა, არსებობს ის განსაკუთრებული პროდუქტები, რომელიც ეხმარება ტვინს განვითარებაში, სწორედ მასში შემავალი კომპონენტების გამო. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა მიკროელემენტი თუ ვიტამინი, რომელიც იმ პროდუქტების შემადგენლობაში შედის, რომლებიც ძალიან ჯანსაღია, ასევე, ამ ყველაფერს შეიცავს დედის რძეც. 

ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი ვიტამინები და მიკროელემენტებია: ცილა პროდუქტები, ქოლინი, ფოლატები და იოდი, თუთია, რკინა პროდუქტები, A, B, B6, B12 ვიტამინი, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები (ომეგა3). იმ პროდუქტებს ენიჭება უპირატესობა, სადაც განსაკუთრებულად დიდი რაოდენობითაა ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ვიტამინები და მიკროელემენტები.

არის პროდუქტები, რომლებსაც ბავშვები სისტემატიურად იღებენ და ამ ასაკისთვის აქტუალურია. თუმცა, არის საკვები, რომლებსაც ბავშვები ხშირად არ იღებენ,

დავიწყოთ ბოსტნეულით - ბროკოლი, ისპანახი, სალათის ბოთოლი, ყაბაყი, ნებისმიერი ფოთლოვანი ბოსტნეული, სეზონური ბოსტნეული. მათში დიდი რაოდენობით შედის უჯრედისი, ფოლიუმის მჟავა, რკინა.

მეორე მნიშვნელოვან პროდუქტი - ნაკლებად ცხიმიანი ხორცი - 6 თვის ასაკიდან კვირაში 4-5-ჯერ ღებულობენ. ინდაურის, ქათმის, საქონლის, კურდღლის ხორცი- უნდა იყოს ბავშვის ყოველდღიური მენიუს შემადგენელი ნაწილი. მის შემცველობაში უმნიშვნელოვანესია - B12, რკინა. ამერიკის პედიატრიის აკადემიის მიერ ბოლო კვლევებით დადასტურებულია, რომ 10 ბავშვიდან 1-ს რკინადეფიციტური ანემია აქვს.

მესამე მნიშვნელოვანი პროდუქტია იოგურტი. საერთაშორისო სტანდარტებით რეკომენდებულია, რომ იოგურტი და რძის პროდუქტები შეიცავდეს ზემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებს.

დილით შესაძლებელია შევთავაზოთ რძის ნაწარმი, ბურღულეული; თხილეული, თესლეული - 5 წლის ზემოთ (მთლიანი სახით მიღება არ არის რეკომენდებული, გადაცდენის თავიდან ასარიდებლად). სასურველია დილის კვება დაბალანსებული და მრავალფეროვანი იყოს. მინდა გავამახვილო ყურადღება თაფლზე, ვინაიდან თუ მას ვთავაზობთ ბავშვს, მისი წარმოება უნდა იყოს აუცილებლად მაღალი ხარისხის.

მეხუთე მნიშვნელოვანი პროდუქტი - ომეგა3-ის შემცველი პროდუქტები. თევზეული 7-8 თვის ასაკიდან შესაძლებელია აქტიურად ჩავრთოთ რაციონში, კვირაში ორჯერ. ვერცხლის წყლის შემცველობის გამო შეზღუდულია ოკეანის პროდუქტების ჭარბი რაოდენობით მიღება. ექიმის რეკომენდაციით, შესაძლოა დანამატის სახით გახდეს საჭირო ომეგა3-ის მიწოდება.

ტკბილეულის მიღება 2-3 წლამდე რეკომენდებული არ არის. თუ ბავშვის საკვები რაციონი დაბალანსებული და მრავალფეროვანია ადრეული ასაკიდან, შემდეგ წლებში უკვე ნაკლებად უჩნდება ტკბილეულის მოთხოვნილება. რაც უფრო ვანებივრებთ არასასურველი პროდუქტებით, შემდგომ მით უფრო ნაკლებად იკვებებიან ჯანსაღად. თუკი კვება დღის მანძილზე ერთეჯრადად ჩავარდება, ეს სანერვიულო არ არის, თუმცა კვირის მანძილზე არაჯანსაღი საკვები არ უნდა აჭარბებდეს ჯანსაღს.

ასაკის მატებასთან ერთად, სასურველია ბავშვმა ძილის წინ არ მიიღოს საკვები და მოხდეს შუალედის დაცვა.

წყარო: ,​,დილა მშვიდობისა საქართველო''

წაიკითხეთ სრულად