შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„მოზარდებს, ბავშვებს და ზრდასრულებს სეზონზე ფეიხოას აქტიურად მირთმევისკენ მოვუწოდებთ“ - ნუტრიციოლოგი ნაია ლატარია
ნუტრიციოლოგმა ნაია ლატარიამ სეზონური ხილის სარგებლიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სეზონზე ფეიხოას მიღება მოზარდების, ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის ძალიან სასარგებლოა:
„ფეიხოა მართლაც უნიკალური ხილია. მასში მაღალია იოდის შემცველობა, რის გამოც ენდოკრინოლოგებს განსაკუთრებით გვიყვარს. იოდდეფიციტური დაავადებების პროფილაქტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფეიხოას მიღება. მოზარდებს, ბავშვებს და ზრდასრულებს სეზონზე ფეიხოას აქტიურად მირთმევისკენ მოვუწოდებთ. ფეიხოა საკმაოდ მდიდარია C ვიტამინით. მასში C ვიტამინი ციტრუსებზე არანაკლები რაოდენობით გვხვდება. C ვიტამინის დანამატის სახით მიღებას სჯობს სეზონური ხილი მივირთვათ.“
ნაია ლატარიას თქმით, ის ფეიხოას კომპოტის სახით შენახვას არ ემხრობა:
„დიასახლისებს არ მოვუწოდებდი ფეიხოას კომპოტის სახით შენახვისკენ მასში შაქრის დიდი დანამატის გამო. კომპოტის სახით ფეიხოა შეგვიძლია სახელდახელო სახით მივიღოთ, რომელიც სრულიად უშაქროთ შეგვიძლია მოვამზადოთ და შემდგომ გემოვნებით თაფლი დავამატოთ. შეგვიძლია ფეიხოა ცოცხალი სახით გავყინოთ. ის დაახლოებით ექვს თვემდე გაგვიძლებს. ფეიხოას შენახვა შეგვიძლია გატარებული სახით. შაქრის შემცველობა უნდა იყოს 80:20-ზე.“
„ფეიხოა შეგვიძლია შევინახოთ თაფლითაც. ასევე შესაძლებელია მისი შენახვა უშაქროდ და უთაფლოდ. შემდეგ გამოყენებისას დავამატოთ შაქარი და თაფლი. ასე უფრო დავიცავთ ზომიერებას. მე პირადად ყველას მოვუწოდებ, რომ ფეიხოა მიირთვან სეზონზე. გაზაფხულზე და ზაფხულში კი ის სეზონური ხილი მიირთვან, რომელიც არის სეზონზე,“ - აღნიშნულ საკითხზე ნაია ლატარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.