Baby Bag

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, რაღაც ეტაპზე ქცევა უნდა დაიგნორდეს და ადამიანზე გადავიდეს ყურადღება,“ - მარინა კაჭარავა

„როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, რაღაც ეტაპზე ქცევა უნდა დაიგნორდეს და ადამიანზე გადავიდეს ყურადღება,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ მშობლის მხრიდან ბავშვის აღიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის თვითშეფასებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია:

„თუ ადამიანი მშობლების გულს ვერ მოიგებს, მას განცდაში აქვს, რომ ვერასდროს ვერავის გულს ვერ მოიგებს. თუ მან ეს არ გააცნობიერა და არ შეცვალა, ძალიან ბევრს წვალობს. თვითშეფასება ყალიბდება ჩვენი დაცინვით, ხუმრობით, ნეგატიური შეფასებებით. ​ადრე იყო ასე, რომ არ უნდა აქო შვილი. იყო ასეთი დამოკიდებულება, რომ გაფუჭდება, თავში აუვარდება. პიროვნების ქება არ არის საჭირო. პიროვნება უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. პატივი უნდა ვცეთ მას. შენ ჩემთვის ხარ ძალიან ძვირფასი. როდესაც კარგად იქცევი, ამას აღვნიშნავ. როდესაც ცუდად იქცევი, ამასაც აღვნიშნავ.“

მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვი კარგი ქცევის შემთხვევაში აუცილებლად უნდა წავახალისოთ:

„კარგი მოქცევის შემთხვევაში ბავშვი წახალისებული თუ არ არის, კარგი ქცევის ანულირება ხდება იგნორირების შედეგად. როგორ ხდება ქცევის გაქრობა საერთოდ? ერთი არის უარყოფა: არ დაგინახო, ეს მეორედ გააკეთო! მეორე არის მისი იგნორირება. ​როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, რაღაც ეტაპზე ქცევა უნდა დაიგნორდეს და ადამიანზე გადავიდეს ყურადღება, თვითონ პიროვნებაზე, მასთან ურთიერთობაზე. ამ შემთხვევაში ქცევა ნელ-ნელა გაქრება.“

„ზოგიერთი ქცევა ძალიან აშინებთ მშობლებს: ეს არის წიკები, სექსუალური ტიპის თამაშები, რომელიც ბავშვებს აქვთ ხოლმე, რაც მშობელს აფრთხობს. უნდა დაიგნორდეს ეს ქცევა და უნდა გადავიტანოთ ყურადღება ბავშვზე. თუ მშობელი ეტყვის: „​არ დაგინახო, მეორედ ეს გააკეთო! ცუდი ბიჭი ხარ! ასე არ იქცევიან“ და ა.შ. ამ შემთხვევაში ეს ქცევა დაფიქსირდება და იატაკქვეშეთში მიდის. ბავშვი კარადაში შეძვრება და მაინც იმას გააკეთებს, რასაც უშლიდნენ. ფაქიზია ბავშვთან ურთიერთობა. საჭიროა მასთან ერთად საუბარი, განსჯა. მას უნდა ვკითხოთ რაღაცები, რაზეც შეუძლია პასუხი გაგვცეს, რაც მას ეხება,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად