Baby Bag

ამ სტატიიდან ბროკოლის შესახებ ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს

ამ სტატიიდან ბროკოლის შესახებ ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს

ბროკოლი - მწვანე ყვავილოვანი კომბოსტო რომაული წარსულით. რა ასაკიდან მივცეთ ჩვილებს, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეში ხმელთაშუა ზღვისპირეთში გამოიყვანეს კომბოსტოს ნაირსახეობა ჟღერადი იტალიური სახელით ბროკოლი, რაც კომბოსტოს აყვავებულ ტოტს ნიშნავს.

​​მე-18 საუკუნეში ბროკოლი უკვე ევროპის მრავალ ქვეყანაში იყო გავრცელებული. გასული საუკუნის 20-იან წლებში კი იტალიელმა ემიგრანტებმა ის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ჩაიტანეს. ასე გახდა ბროკოლი ყველასათვის საყვარელი ბოსტნეული.

რატომ გვიყვარს ბროკოლი?

  • შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმის ორმაგ რაოდენობას, ვიდრე კომბოსტოს სხვა სახეობები.
  • ბროკოლი პრაქტიკულად ისეთივე რაოდენობის კალციუმს შეიცვას, როგორც იმავე რაოდენობის რძე.
  • მდიდარია რკინით, თუთიით, მანგანუმით, გოგირდით, მაგნიუმით
  • შეიცავს ვიტამინების ნამდვილ არსენალს - C, B1, B2, B5, B6, PP, E, K, A.
  • შეიძლება გაგიკვიდრეთ, მაგრამ C ვიტამინის შემცველობა ბროკოლში უფრო მეტია, ვიდრე ციტრუსებში. დაახლოებით 100 გრ ბროკოლი თითქმის 100%-ით უზრუნველყოფს თქვენს დღიურ მოთხოვნას C და K ვიტამინზე.
  • B1 ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო არეგულირებს ნერვული სისტემის მოქმედებას.
  • ბროკოლის შემადგენლობაში შედის მეთიონინი და ქოლინი, რომლებიც ხელს უშლის ქოლესტერინის დონის მატებას და ათეროსკლეროზის განვითარებას.
  • ამ მწვანე ბოსტნეულის შემადგენლობაში სელენი, სულფორაფანი და ანეტოლტრითიონი აქტიურად განიხილება, როგორც სიმსივნესთან მებრძოლი ნივთიერებები.
  • საუკეთესო არჩევანია დაბალკალორიული დიეტების დროს წონაში კლების მისაღწევად.
  • შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რის გამოც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აქტივობას და ხელს უშლის ყაბზობას.
  • ასტიმულირებს ნაღვლის წარმოქმნას, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციებს.
  • შეუცვლელია პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. მასში შემავალი სულფორაფანი ასტაბილიზირებს შაქრის დონეს.
  • ქლოროფილი დადებით ზეგავლენას ახდენს სისხლბადი სისტემის ფუნქციონირებაზე.


როგორ მოვამზადოთ ბროკოლი სწორად?

როგორც წესი, დედების უმეტესობა მხოლოდ ყვავილედებს იყენებს მოსამზადებლად. იცოდით, რომ ღეროებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ? ოღონდ კანი უნდა გააცალოთ დანით.

ყვავილოვანი კომბოსტოს ყვავილების მოხარშვისათვის საკმარისია 5-7 წუთი, ღეროებისათვის კი 10-12 წუთი. ქვაბიდან ამოღების შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. ასეთი სახით დამუშავებული ბროკოლი ვიტამინებსაც ინარჩუნებს და საკვებადაც უფრო გემრიელია.

როგორ ამოვირჩიოთ კარგი ხარისხის ბროკოლი?

დაკვირდით ყვავილედებს. ახალ, მაღალი ხარისხის ბროკოლს მოიისფრო მწვანე ყვავილედები აქვს. თუ შეპარულ სიყვითლეს ამჩნევთ, ასეთ ბროკოლს ნუ იყიდით- ის უკვე გადამწიფებულია და ნაკლები რაოდენობის ნუტრიენტს შეიცავს.

შეიძლება თუ არა გაყინოთ?

უმჯობესია, მოიხმაროთ ახალი ბოსტნეული, მაგრამ თუ ხშირად ვერ ახერხებთ იყიდოთ ახალი, მაშინ გაყინვაც შეგიძლიათ.

მოამზადეთ ბროკოლის პიურე ჩვილისათვის (4-4,5 თვიდან)

დამუშავებული, მოხარშული ბროკოლი დააბლენდერთ. გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით, ამ მიზნით პასტერიზებული რძის გამოყენებაც შეგიძლიათ. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. 
ბროკოლის პიურეს სხვა ბოსტნეულიც შეგიძლიათ შეურიოთ.

P.S. დაბოლოს, გოგოებო! იცით, რომ ბროკოლისაგან ძალიან ეფექტური სახის ნიღაბიც შეგიძლიათ მოამზადოთ?

​აბა, სცადეთ.

დაგჭირდებათ ბროკოლის 4 ყვავილედი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზი გაგრილებული მწვანე ჩაი.  დააბლენდერეთ ბროკოლი, შეურიეთ თაფლი და ბოლოს მწვანე ჩაი. წაისვით მიღებული მასა სახეზე , თვალების ირგვლივ არეების გარდა და დაიტოვეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წლით. აუცილებლად მოგეწონებთ კარგად დატენიანებული, ვიტამინებით გაჯერებული, ნაზი კანი!“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„​ნუ გეშინია, დედა!“ - პედიატრი თამარ ობგაიძე კორონავირუსზე

„​ნუ გეშინია, დედა!“ - პედიატრი თამარ ობგაიძე კორონავირუსზე

პედიატრი თამარ ობგაიძე კორონავირუსის შესახებ ​თავის ბლოგზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: 

ნუ გეშინია, დედა!

კორონავირუსი და ბავშვი

დილიდან სხვა რეალობაში გავიღვიძეთ - 21-ე საუკუნის ყველაზე გამოუცნობი ვირუსი საქართველოშია. რა სახელი აღარ დაარქვეს -21-ე საუკუნის შავი ჭირი, მკვლელი ვირუსი. მის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია, ის ხომ ჯერ სულ 2 თვისაა.

ჯერ-ჯერობით არ არის ანტივირუსული პრეპარატი, გამოცდას გადის ვაქცინა.
საფრთხე არსებობს, მაგრამ მოდით, კიდევ ერთხელ გავიაროთ ეს თემა დაკვირვებით.
კორონავირუსი ზოონოზია, რომელმაც მუტაცია განიცადა და ის ჯერ ცხოველიდან ადამიანს, შემდეგ კი ადამიანიდან ადამიანს გადაედო. და წავიდა ქვეყნიდან ქვეყანაში, კონტინენტიდან კონტინენტზე. ზუსტად ისევე, როგორც 2009 წლის პანდემიური H1N1. იმ გრიპმა მაშინ მხოლოდ აშშ - ში 12 469 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, დაავადდა 60 მილიონზე მეტი ადამიანი. სავარაუდოდ მსოფლიოში 200 000-ზე მეტი ადამიანი მოკვდა გრიპის ამ პანდემიის დროს.

ინფიცირებულთა დიდი ნაწილი 65 წლამდე ასაკის პაცინეტები იყვნენ, განსაკუთრებით მაღალი იყოს სიკვდილობა, ბაშვებში, ორსულებში, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონდე ადამიანებში. გრიპის ვირუსის გავრცელებაც წრაფი იყო და გართულებების განვითარების რისკიც. შემდეგ იყო ოსელტამივირი (ანტივისრუსული პრეპარატი) და გრიპის ვაქცინა შესაბამისი შტამით, რითაც კაცობრიობა პანდემიიდან გამოვიდა.

რა არის დამაიმედებელი ახლა?

აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი, რომელიც ახლა ცირკულირებს, არ ვრცელდება იმ სისწრაფით, როგორც „ღორის გრიპი“.

ვრცელდება ცნობები ათასობით სრულად გამოჯანმრთელებულთა შესახებ.

ავადდებიან თუ არა ბავშვები?

არ არსებობს არავითარი მტკიცებულება ამ ეტაპზე, რომ კორონავირუსით ავადობის რისკი ბაშვებში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

პირიქით, ის სტატისტიკა, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, მიუთითებს, რომ ჩინეთში ადრეული ასაკის ბავშვები უფრო იშვიათად ავადდებოდნენ.

შეგახსენებთ, ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელისთვისაც გრიპის და ზოგიერთი სხვა ვირუსი პირველ რიგში წარმოადგენს დიდ საფრთხეს. მიზეზი ბოლომდე უცნობია.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს სავარაუდოდ ბავშვთა ასაკში ჩატარებულ ვაქცინაციას უნდა უკავშირდებოდეს, შესაძლოა, წითელას და გამომუშავებული ანტისხეულები როგორღაც ჯვარდენად ზემოქმედებენ კორონავირუსზეც. ეს ამჟამად შესწავლის საკითხია.

როგორია დაავადების სიმძიმე ბავშვებში:

ჩინეთში დაავადებულ ბავშვებს ვირუსით ინფიცირებისას უვლიდნებოდათ სასუნთქი გზების დაზიანების ნიშნები -ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ასევე ნაწლავთა მოქმედების გახშირება, ღებინება.

დაავადება მიმდინარეობდა მსუბუქი სიმძიმთ. არის ინფორმაცია უფრო მძიმე მიმდინარეობის შესხებაც ბავშვებში, თუმცა იშვიათად.

მოკლედ, ვირუსის შესახებ ბევრი ინფორმაცია ჯერ უცნობია. ახალი ინფორმაციის გამოჩენისთანავე აუცილებელად გაგიზიარებთ თქვენც. განვიხილავთ ასევე ვირუსისგან თავდაცვის გზებსაც.

მანამდე მშვიდად, ჩემო მეგობრებო, რაც შეიძლება მშვიდად!“ - აღნიშნავს პედიატრი. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად