Baby Bag

ამ სტატიიდან ბროკოლის შესახებ ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს

ამ სტატიიდან ბროკოლის შესახებ ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს

ბროკოლი - მწვანე ყვავილოვანი კომბოსტო რომაული წარსულით. რა ასაკიდან მივცეთ ჩვილებს, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეში ხმელთაშუა ზღვისპირეთში გამოიყვანეს კომბოსტოს ნაირსახეობა ჟღერადი იტალიური სახელით ბროკოლი, რაც კომბოსტოს აყვავებულ ტოტს ნიშნავს.

​​მე-18 საუკუნეში ბროკოლი უკვე ევროპის მრავალ ქვეყანაში იყო გავრცელებული. გასული საუკუნის 20-იან წლებში კი იტალიელმა ემიგრანტებმა ის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ჩაიტანეს. ასე გახდა ბროკოლი ყველასათვის საყვარელი ბოსტნეული.

რატომ გვიყვარს ბროკოლი?

  • შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმის ორმაგ რაოდენობას, ვიდრე კომბოსტოს სხვა სახეობები.
  • ბროკოლი პრაქტიკულად ისეთივე რაოდენობის კალციუმს შეიცვას, როგორც იმავე რაოდენობის რძე.
  • მდიდარია რკინით, თუთიით, მანგანუმით, გოგირდით, მაგნიუმით
  • შეიცავს ვიტამინების ნამდვილ არსენალს - C, B1, B2, B5, B6, PP, E, K, A.
  • შეიძლება გაგიკვიდრეთ, მაგრამ C ვიტამინის შემცველობა ბროკოლში უფრო მეტია, ვიდრე ციტრუსებში. დაახლოებით 100 გრ ბროკოლი თითქმის 100%-ით უზრუნველყოფს თქვენს დღიურ მოთხოვნას C და K ვიტამინზე.
  • B1 ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო არეგულირებს ნერვული სისტემის მოქმედებას.
  • ბროკოლის შემადგენლობაში შედის მეთიონინი და ქოლინი, რომლებიც ხელს უშლის ქოლესტერინის დონის მატებას და ათეროსკლეროზის განვითარებას.
  • ამ მწვანე ბოსტნეულის შემადგენლობაში სელენი, სულფორაფანი და ანეტოლტრითიონი აქტიურად განიხილება, როგორც სიმსივნესთან მებრძოლი ნივთიერებები.
  • საუკეთესო არჩევანია დაბალკალორიული დიეტების დროს წონაში კლების მისაღწევად.
  • შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რის გამოც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აქტივობას და ხელს უშლის ყაბზობას.
  • ასტიმულირებს ნაღვლის წარმოქმნას, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციებს.
  • შეუცვლელია პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. მასში შემავალი სულფორაფანი ასტაბილიზირებს შაქრის დონეს.
  • ქლოროფილი დადებით ზეგავლენას ახდენს სისხლბადი სისტემის ფუნქციონირებაზე.


როგორ მოვამზადოთ ბროკოლი სწორად?

როგორც წესი, დედების უმეტესობა მხოლოდ ყვავილედებს იყენებს მოსამზადებლად. იცოდით, რომ ღეროებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ? ოღონდ კანი უნდა გააცალოთ დანით.

ყვავილოვანი კომბოსტოს ყვავილების მოხარშვისათვის საკმარისია 5-7 წუთი, ღეროებისათვის კი 10-12 წუთი. ქვაბიდან ამოღების შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. ასეთი სახით დამუშავებული ბროკოლი ვიტამინებსაც ინარჩუნებს და საკვებადაც უფრო გემრიელია.

როგორ ამოვირჩიოთ კარგი ხარისხის ბროკოლი?

დაკვირდით ყვავილედებს. ახალ, მაღალი ხარისხის ბროკოლს მოიისფრო მწვანე ყვავილედები აქვს. თუ შეპარულ სიყვითლეს ამჩნევთ, ასეთ ბროკოლს ნუ იყიდით- ის უკვე გადამწიფებულია და ნაკლები რაოდენობის ნუტრიენტს შეიცავს.

შეიძლება თუ არა გაყინოთ?

უმჯობესია, მოიხმაროთ ახალი ბოსტნეული, მაგრამ თუ ხშირად ვერ ახერხებთ იყიდოთ ახალი, მაშინ გაყინვაც შეგიძლიათ.

მოამზადეთ ბროკოლის პიურე ჩვილისათვის (4-4,5 თვიდან)

დამუშავებული, მოხარშული ბროკოლი დააბლენდერთ. გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით, ამ მიზნით პასტერიზებული რძის გამოყენებაც შეგიძლიათ. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. 
ბროკოლის პიურეს სხვა ბოსტნეულიც შეგიძლიათ შეურიოთ.

P.S. დაბოლოს, გოგოებო! იცით, რომ ბროკოლისაგან ძალიან ეფექტური სახის ნიღაბიც შეგიძლიათ მოამზადოთ?

​აბა, სცადეთ.

დაგჭირდებათ ბროკოლის 4 ყვავილედი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზი გაგრილებული მწვანე ჩაი.  დააბლენდერეთ ბროკოლი, შეურიეთ თაფლი და ბოლოს მწვანე ჩაი. წაისვით მიღებული მასა სახეზე , თვალების ირგვლივ არეების გარდა და დაიტოვეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წლით. აუცილებლად მოგეწონებთ კარგად დატენიანებული, ვიტამინებით გაჯერებული, ნაზი კანი!“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ წავახალისოთ ჩვილის ხოხვა? - ექიმის რეკომენდაციები

როგორ წავახალისოთ ჩვილის ხოხვა? - ექიმის რეკომენდაციები

,,ჩვილების დიდი ნაწილი ხოხვას 7-10 თვის ასაკაში იწყებს. ამ ასაკიდან მას უკვე აღარ ჰყოფნის შემოსაზღვრული პატარა სივრცე, ამიტომ არეალის გაზრდაც საჭიროა და ამ სივრცეში ფიზიკური აქტივობაც,'' - აღნიშნავს პედიატრი თამარ ობგაიძე და მშობლებს ბავშვის ხოხვის წახალისთებასთან დაკავშირებით ​რჩევებს აძლევს.

გთავაზობთ ექიმის რეკომენდაციებს: 

,,ხოხვას პატარები იწყებენ მას შემდეგ, რაც მყარად იწყებენ ჯდომას. ამ დროს ზურგის კუნთები საკმარისად გამაგრებულია და მას შეუძლია ხანგრძლივად ასწიოს თავი მაღლა ოთხ კიდურეზე დგომისას, რაც სივრცის სრულად დანახვის საშალებას აძლევს.

ხოხვა ბავშვის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპია. ის ეხმარება პატარას სამყაროს შემცნებაშიც და ფიზიკურ განვითარებაშიც. ვითარდება კუნთები, კოორდინაცია. ის ადვილად იწყებს საყრდენის მოძებნას და ფეხზე დგომას, შემდეგ კი სიარულს.

თუმცა თუ თქვენმა პატარამ ეს 7-8 თვეზე ვერ შესძლოა, ძალიან ნუ შეშინდებით, ზოგი ბავშვი ხოხავს ფეხზე დგომის შემდეგაც იწყებს და თუ სხვა ყველაფერი რიგზეა, ეს დარღვევად არ ჩაითვლება.

პირველ რიგში სწორად შეარჩიეთ ადგილი -ეს უნდა იყოს შეძლებისადაგვარად გაშლილი, თავისუფალი სივრცე, სადაც პატარას დაბრკოლებები არ შეხვდება და ტრავმატიზაციის რისკიც ნაკლები ექნება.

შეარჩიეთ საფენი, რომელზეც პატარა იხოხებს - საუკეთესო ვარიანტია სპეციალურად გამოყოფილი ფარდაგი, რომელსაც ხშირად გარეცხავთ ან საბავშვო პაზლი - ხალიჩა , რომელიც ადვილად იწმინდება და შრება.

არ გამოდგება ტრადიციული ხალიჩა. ფიზიკური დატვირთვისას ბავშვს ჩვეულებრივ პირი ღია აქვს და შესუნთქვისას მტვრის ნაწილაკები ადვილად მოხვდება სასუნთქ გზებში.

იყავით ყურადღებით, ბავშვის სივრცეში გადაადგილებას, ამას შესაძლოა ტრავმატიზაციის რისკის გაზრდა მოჰყვეს. ამიტომ ის მარტო არ უნდა დატოვოთ.

დახურეთ ჩამრთველები, თუ ისინი იატაკთან ახლოს მდებარეობს.

გულდასმით დაათვალირეთ სივრცე, სადაც ჩვილი გადაადგილდება. იქ არ უნდა იყოს წვრილი სათამშოები ან რაიმე ნივთები, რაც, შესაძლოა, თქვენი ცნობისმოყვარე პატარას ინტერესის საგანი გახდეს და პირდაპირ პირში გადაუძახოს ან სასუნთქ გზებში მოხვდეს.

დაიწყეთ მარტივი ვარჯიშით - ხშირად დააწვინეთ მუცელზე. ეს, რათქმა უნდა, მუცელზე ძილს არ გულისხმობს. მუცელზე დაწოლილს ელაპარაკეთ, ეთამაშეთ. ის შეეცდება აიწიოს ხელებზე დაყრდნობით და თამაშში აგყვეთ. ასეთი ვარჯიშები გააძლიერებს ზურგის და ზედა კიდურების კუნთებს.

შეეცადეთ აჩვენოთ პატარას, რას ელით მისგან. ამიტომ აჩვენეთ მას, რას ნიშნავს ხოხვა.

წაახალისეთ ხოხვა - ამისათვის დაგჭირდებათ ახალი სათამაშოები, რომელსაც საფენზე რამდენიმე ადგილას დადებთ. ბავშვს უნდა ჰქონდს სურვილი, მისწვდეს სათამაშოს, რაც ამ შემთხვევაში ერთვარი სატყუარაა, რომელიც მან უნდა მოიპოვოს, ამისათვის კი უნდა გადადგილდეს.

წარმატებას გისურვებთ თქვენც და თქვენს პატარა მოსწავლესაც!'' - აღიშნავს პედიატრი. 

წაიკითხეთ სრულად