Baby Bag

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

შეფ-მზარეულმა ნუცა ბაიაძემ ჯეჯილის ბამბის გარეშე გაღვივების მეთოდზე ისაუბრა:

„ერთი ასეთი მარტივი მეთოდი მაქვს, რომელსაც რამდენიმე წელია ვიყენებ. ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ. ვიცით, რომ ჯეჯილი ძალიან სასარგებლოა, ის უამრავ ვიტამინს შეიცავს. როდესაც მას გავაღვივებ და აღდგომის გადავლის შემდეგ ჯერ კიდევ ხასხასაა, ვიყენებ საკვებად.

ხორბალი ისე უნდა გავშალოთ, რომ ყველა მარცვალი იყოს ცალ-ცალკე. წესი არის, რომ აუცილებლად უნდა იყოს მზეზე, მაგრამ არა პირდაპირ მზეზე. მაგალითად, დავდოთ ფანჯარასთან, სადაც მზე ურტყამს. უნდა იყოს სითბო. წყალს ვასხამთ ისე, რომ ვჟღინთავთ. ამას ღრმა თეფშზე ვაკეთებ ხოლმე. რომ ამოდის, ძალიან ლამაზად ჩანს მერე ეს ამოსული. ჯეჯილს დასჭირდება 10-დან 14 დღემდე. წყალს დავასხამ და ხელის დახმარებით გადავანაწილებ. ჯეჯილს წყალი უნდა დაამატოთ სამ დღეში ერთხელ.

ჯეჯილი თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ კერძში, როგორც გარნირი. სულ ცოტა ლიმონთან ერთად გახურებულ ტაფაზე 10-15 წამის განმავლობაში ვყრით და ვრთავთ. ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს. ცოტა მარილით რომ შეაზავებ, აქვს განსხვავებული გემო. სასარგებლო თვისებების გამო ჯეჯილი უნდა მიირთვა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნუცა ბაიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“


შეიძლება დაინტერესდეთ

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად