Baby Bag

„ტატა არ არის ახლა ჩემთან ერთად, მაგრამ მაინც მიხარია დედის დღე, იმიტომ, რომ ტატამ გამხადა დედა,“- თიკო ჩხეიძე

„ტატა არ არის ახლა ჩემთან ერთად, მაგრამ მაინც მიხარია დედის დღე, იმიტომ, რომ ტატამ გამხადა დედა,“- თიკო ჩხეიძე

მოდელმა თიკო ჩხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პრაიმშოუ“ შვილის გარდაცვალების შემდეგ განვლილ გზაზე ისაუბრა. მან დედებს ურჩია, რომ მძიმე განსაცდელის შემდეგ ფეხზე დადგნენ და ცხოვრებას არ შეუშინდნენ:

„ვარ ძალიან მკაცრი დედა, იქედან გამომდინარე, რომ სულ ვნერვიულობ ჩემს შვილებზე. მინდა, რომ საუკეთესოები გაიზარდნონ. დედაჩემმაც ასე გაგვზარდა. იმდენად ვუყვარდით და ვუყვარვართ, რომ ცოტა სიმკაცრეში გადადიოდა. ვცდილობ ჩემი თავი ვაკონტროლო, ცოტა ლმობიერად შევხედო ჩემს შვილებს, მაგრამ არ გამომდის. ეს სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ სიმკაცრეში გადამდის ხოლმე.“

„წიგნი, რომელიც ტატას ეძღვნება, ალბათ, სრულად ასახავს დედა-შვილის ურთიერთობებს. დედის დღეც ხომ არის უკიდეგანო სიყვარულის ზეიმი დედა-შვილს შორის. ეს წიგნიც ზუსტად ის არის, რაც დედაშვილობას ასახავს. ტატა არ არის ახლა ჩემთან ერთად, მაგრამ მაინც მიხარია დედის დღე, იმიტომ, რომ ტატამ გამხადა დედა. დედებს, რომლებაც ასეთი განსაცდელი აქვთ, ვეტყოდი, რომ უნდა იბრძოლონ. ჰყავთ სხვა შვილები თუ არ ჰყავთ არ აქვს მნიშვნელობა. იბრძოლონ იმ ადამიანისთვის, ვისაც ის სჭირდება. იბრძოლონ თავიანთი დედებისთვის, ცხოვრებას არ შეუშინდნენ. ძალიან ბევრი ადამიანია გარშემო, ვისაც ის ისევ სჭრიდება. თუნდაც ის, რომ მე ფეხზე ვდგავარ, შეიძლება სხვისთვის იყოს მაგალითი, სხვაც წამოაყენოს. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ტკივილი, ჩვენი განსაცდელი. მე ხომ მყავდა შვილი... ეს დედობრივი სიყვარული არ მთავრდება იმით, რომ შვილი აღარ გყავს. შენ უკვე დედა ხარ და უნდა იცხოვრო შვილებისთვის,“- აღნიშნა თიკო ჩხეიძემ.

წყარო:​ „პრაიმშოუ“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ,“ - პარაზიტოლოგი ირმა კოკაია

პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ განმარტა რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი მწერებს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ადამიანები:

„ყველა ადამიანის სხეული გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ყველა ადამიანს ეხება. ბევრი ასეთი ნივთიერება გამოიყოფა ჩვენი კანის გზით. ეს შეიძლება იყოს ამიაკი და ა.შ. გარკვეულ ადამიანებს გაცილებით მეტად გამოეყოფათ ეს ნივთიერებები და აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებებიდან არის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, რომელიც იზიდავს მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს.

როდესაც ადამიანის სხეული ჭარბად გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ თვითონ, ეს არის კოღოს მიზიდვის საშუალება. ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ. არის პირიქითაც... არის ნივთიერებები, რომლებიც პირიქით აფრთხობს მწერებს და კოღოებს. შესაბამისად ეს ადამიანები გაცილებით ნაკლებად ზარალდებიან. ეს ჩვენი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ჩვენი მეტაბოლიზმიდან,“ - მოცემულ საკითხზე ირმა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად