Baby Bag

​,,აი, რატომ უნდა მისცე ახალშობილს ხსენი'' - პედიატრი მიზეზებს ასახელებს

​,,აი, რატომ უნდა მისცე ახალშობილს ხსენი'' - პედიატრი მიზეზებს ასახელებს

რატომ უნდა მივცეთ ახალშობილს ხსენი? - აღნიშნულ თემაზე ​პედიატ​რი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,დედის რძე ცოცხალი ნივთიერებაა, რომლის შემადგენლობა მარტო დაბადების შემდეგ დღეებში კი არა, კვებიდან კვებამდე იცვლება და ზუსტად თანხვდება ჩვილის მოთხოვნილებებს.

მართლა ჯადოქრობაა!

კომპიუტერული სისტემების და კოსმოსის ერაში გასაკვირი ისევ რჩება დეიდს რძის თავისებურებები, რომელის ზუსტი ანალოგი კაცობრიობამ ვერაფრით შექმნა.

მოდი, მივყვეთ, როგორც იცვლება ქალის რძე ბავშვის დაბადების მერე.

ორსულობის ბოლოს სარძევე ჯირკვლებში ყვითელი ფერის ბლანტი სითხე - ხსენი წარმოიქნება. რატომ ყვითელი? იმიტომ, რომ ის მდიდარია ბეტა-კაროტინითა და პიგმენტი ლიპოქრომით. ხსენი „მწიფე რძისაგან” მკვეთრად განსხვავდება: შეიცავს ცილებისა და მარილების ჭარბ რაოდენობას, შაქარი და ცხიმი შედარებით ნაკლებია. ნატრიუმის და მაგნიუმის მარილების სიჭარბე ხელს უწყობს ნაწლავის სწრაფ დაცლას პირველი განავლისაგან, რომელიც სანაყოფე წყლითა და ნაწლავების ჩამოფქცვნილი უჯრედებითაა წარმოდგენილი. დიდი რაოდენობით შეიცავს B1, B12, C, E, A ვიტამინებს ძალიან კალორიულია. განსაკუთრებით კი პირველი დღის ხსენი, რომლის 1 ლიტრში 1500 კკალ ენერგიაა. მშობიარობის პროცესში დაღლილ ახალშობილს ეს ენერგია ძალიან სჭირდება. ხსენი შეიცავს ლეიკოციტებს, ლიმფოცოიტებს, მაკროფაგებს, რომლებიც ნაწლავის შიგნით იმუნიტეტის ფორმირებას უწყობენ ხელს. მაგრამ მთავარი მისი მთავარი სიმდიდრე მზა ანტისხეულებია, რომლებიც ინფექციების თავიდან აცილებაში გვეხმარება. პრაქტიკულად, ხსენი ის პირველი ვაქცინაა, რომელსაც ახალშობილი დაბადებიდან პირველივე წუთებში იღებს. ამავე დროს ის ადვილი მოსანელებელია ახალშობილის უმწიფარი კუჭ-ნაწლავისათვის. შეიცავს ბიფიდუმფაქტორს, რომელიც ხელს უწყობს ჩვილის ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას.ხსენის შემადგენლობაში კიდევ ერთი განსაკუთრებული ნივთიერებაა - ლაქტოფერინი, რომელიც პატარას ავი მიკროორგანიზმებისაგან იცავს.

ნუ შეგაშინებს ხსენის სიმცირე - შენი პატარას კუჭიც ხომ ერთიბეწოა და ამ ჯადოსნური პროდუქტის მცირე რაოდენობა მისთვის სრულიად საკმარისია.

მოკლედ, ხსენი ნამდვილი სუპერპროდუქტია, რომელიც ახალშობილს აუცილებლად უნდა მისცე!

ლაქტაციის მე-3 დღიდან გამოიყოფა ხსნიანი რძე, მე-4-5 დღიდან გარდამავალი რძე. მეორე კვირიდან წარმოქნილ რძეს „ მწიფე რძეს“ ვუწოდებთ.

ხსენის რძედ გარდაქმნას თან ახლავს „რძის მოწოლის“ შეგრძნება, სარძევე ჯირკვლების გადიდება, გამკვრივება, სიმძიმის უსიამოვნო შგრძნებები.

ამ პროცესის რეგულირებასათვის აუცილებელია სარძევე ჯირკვლების სრულად დაცლა, რასაც პატარა ვერ ახერხებს და რძის გამოწველა ხდება საჭირო.

თუმცა ეს სხვა თემაა და შემდეგში მოგიყვები. ჯანმრთელობას გისურვებ!'' - აღნიშნავს პედიატრი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად